ლუგარის ლაბორატორიით დაინტერესებულ რუს ექსპერტებს საქართველოში იწვევენ

“ლუგარის ლაბორატორიის” საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტები საქართველოში არიან მოწვეულნი.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 14-15 ნოემბერს, საქართველოს, გერმანიის მთავრობისა და გაერო-ს ეგიდით, თბილისში ჩატარდება “ბიოლოგიური ლაბორატორიების შეფასების სავარჯიშო”, რომელშიც 20 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გამყრელიძის თქმით, მიწვევა გაგზავნილია რუსეთშიც, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაში პრესკონფერენცია დღეს იმ დეზინფორმაციის საპასუხოდ გაიმართა, რომელსაც რუსეთის ოფიციალური პირები და მედია ბოლო პერიოდში ინტენსიურად ავრცელებს და რომლის მიხედვითაც, თბილისში მდებარე “ამერიკულ ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს, მარტო ერთ დღეს ლაბორატორიაში გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის კამპანია მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე ყველაზე წარმატებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა და იმ ლაბორატორიის დისკრედიტაციას, რომელიც ამ პროგრამაზე გარე კონტროლს ახორციელებს და არავითარ შემთხვევაში – პაციენტების მკურნალობას.

“ჩვენ ნამდვილად არ გავცემდით პასუხს ონიშჩენკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და ნაბოდვარს, მაგრამ რადგან ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიცალური წრეების თუ მედიის საშუალებებით ვრცელდება, არის სიცრუე და მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების დისკრედიტაცია მოხდეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიას მოუწოდა, ნუ მიაქცევენ ყურადღებას იმ პროპაგანდას, რომელიც ლუგარის ლაბორატორიისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი