ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სამ პირს ბრალი წაუყენეს

5 ოქტომბერი, 2018 • 1228
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სამ პირს ბრალი წაუყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,   ყალბი დოკუმენტების დამზადება- გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი  ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენეს.

საგამოძიებოს ცნობით, ბრალდებულმა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, 2016-2017 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების მოცულობა.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაულში მხილებული პირი აღნიშნული ქმედებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო შეამოწმეს კერძო აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულებების ექსპერტებმა, რომლებმაც ისე გასცეს დადებითი დასკვნა,  რომ  არ მოახდინეს ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობის შედარება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან”, – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე  და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი