ახალი ამბები

პროკურატურა: “იავნანას” 2004-17 წლებში მოზიდული შეწირულობების 30% მოხმარდა ქველმოქმედებას

4 ოქტომბერი, 2018 • 1836
პროკურატურა: “იავნანას” 2004-17 წლებში მოზიდული შეწირულობების 30% მოხმარდა ქველმოქმედებას

პაატა ბურჭულაძის ცოლის, ანგელა ვასილენკოს დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით” იმ მიმართულებებს ასახელებს, რომელთაც გამოძიება სწავლობს ფონდ “იავნანასთან” და ამ კონტექსტში, ვასილენკოსთან დაკავშირებით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიზანია, დადგინდეს, რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და გამოიყენა თუ არა აღნიშნული თანხები ფონდის ინტერესების სასარგებლოდ. უწყება გამოძიების სამ ეპიზოდზე საუბრობს:

პროკურატურის თქმით,, პირველი ეპიზოდი შეეხება ფონდის ხელმძღვანელის, პაატა  ბურჭულაძისა და მისი ცოლის, ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების “ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას”. უწყების ცნობით, მათი მგზავრობისათვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა”იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ა.ვ-ს[ანგელა ვასილენკოს]​ როლი ფონდის საქმიანობაში.

მეორე ეპიზოდი, განცხადების მიხედვით, ეხება პაატა ბურჭულაძისთვის  საქართველოში სასტუმროს მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომელიც, პროკურატურის თქმით, 40 000 ლარს შეადგენს.

“დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო  პ.ბ-ს[ბუჭულაძის] სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს, ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა  პ.ბ-ს ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მით უმეტეს, რომ პ..-ს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს – კეთილმოწყობილი ოფისი…”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების მესამე მიმართულება კი ეხება ფონდის საკუთრებაში უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ის ფონდისავე მიზნებისთვის გამოეყენებინა; ფონდმა კი ფართი იჯარით გადასცა ერთ-ერთ საწარმოს, სადაც წლების მანძილზე რესტორანი ფუნქციონირებდა, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი “იავნანას” საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინა.

“მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს – ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.

შედეგად, ფონდმა ვერ მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა უდედმამო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ფონდის სხვა მიზნებს”, – ამბობს უწყება.

პროკურატურის თქმით, “იავნანას” 2004-17 წლებში მოზიდული შემოწირულობების “მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს”.

“ფონდის მიერ ა.ვ-სთვის​[ვასილენკოსთვის] ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს, ასევე გადახდილი ხელფასი – დაახლოებით 25 000 ლარს,  სხვა ხარჯი კი – დაახლოებით 337 000 ლარს. ამჟამად საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა”, – აცხადებს პროკურატურა.

დღეს, 4 ოქტომბერს, საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის ცოლი ანგელა ვასილენკო უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის სასამართლოში არ მივიდა. მისი ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ამბობს, რომ ვასილენკო საქართველოში არ იმყოფება, 8 ოქტომბერს დაბრუნდება და ჩვენებას მისცემს. როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს უთხრა, ვასილენკო 2018 წლის მარტიდან გამოთქვამს დაკითხვის მზაობას.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი