ახალი ამბები

ომეგა ჯგუფის თანამშრომლის პოლიციაში დაბარებას იბერია TV ზეწოლად აფასებს

4 ოქტომბერი, 2018 • 2575
ომეგა ჯგუფის თანამშრომლის პოლიციაში დაბარებას იბერია TV ზეწოლად აფასებს

“ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი თანამშრომელი დავით თოლორდავა, რომელიც იბერია TV-ს ცნობით, ომეგას საქმეში, კერძოდ, ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ განცხადება თავდაპირველად თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა.

სამართალდამცავ უწყებაში თოლორდავა 2015 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიიყვანეს. საქმე ეხება შემთხვევას, როცა თოლორდავას იარაღი გაუვარდა და დაიჭრა.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ინციდენტიდან 3 წლის შემდეგ თოლორდავას პოლიციაში დაბარება ტელეკომპანია იბერიასა და ომეგა ჯგუფზე ზეწოლის გამოვლინებაა.

“თოლორდავა ახლაც “ომეგას” თანამშრომელია. შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ მისი პოლიციაში გადაყვანა, ჩვენი ღრმა რწმენით, უკავშირდება ომეგა-იბერიის თანამშრომლების მიმართ რეპრესიების დაწყებას. ჩვენ, ტელეკომპანია იბერიისა და ომეგა ჯგუფის თანამშრომლები ვთვლით, რომ ჩვენ ვართ საფრთხის ქვეშ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება რაიმე სახის პროვოკაცია, თავდასხმა ან ზეწოლა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას”, – აცხადებს ხუზმიაშვილი.

დავით თოლორდავას თქმით, რომელმაც პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, დაკითხვაზე მართლაც 2015 წლის ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. მისი თქმით, მაშინ იარაღი საკუთარ სახლში გაუვარდა, რის შემდეგაც სახის არეში დაიჭრა.

“მხოლოდ ამ შემთხვევის გარშემო[ჰქონდათ კითხვები]; როგორ მოხდა გასროლა, გამივარდა, მესროლეს და ა.შ.”, – ამბობს ის.

კითხვაზე, აქამდეც თუ დაუბარებიათ გამოკითხვაზე, თოლორდავა პასუხობს:

“დაბარებული ვიყავი ორჯერ, სამჯერ, საავადმყოფოშიც იყვნენ მოსულები, მაგრამ მერე აღარ”.

მისივე განცხადებით, გამომძიებელმა, რომელსაც 3 წლის წინ საქმე ებარა, უთხრა, რომ საქმე დაიხურა, თუმცა “მერე რა მოხდა”, არ იცის. ჟურნალისტის კიდევ ერთი კითხვის პასუხად, შეიძლება თუ არა მისი ამჟამად დაბარება ომეგა ჯგუფის საქმეს უკავშირდებოდეს, დავით თოლორდავა აცხადებს, რომ “[ეს] ყველაფერს შეიძლება დაუკავშირო”.

შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ 3 წლის წინ ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული და ჯერ არ დახურულა. უწყების ცნობით, მის დასახურად კომპიუტერული ექსპერტიზაა საჭირო და სწორედ აღნიშნულის თაობაზე დაიბარეს თოლორდავა პოლიციაში. დამატებით დეტალებზე ცნობებს შსს-ს პრესსამსახურში ჯერჯერობით არ ფლობენ.

ომეგა ჯგუფის საქმესა და ლევან ყიფიანის ეპიზოდზე კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი2″ის ეთერში 30 სექტემბერს ისაუბრა. დეტალები იხილეთ აქ:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი