პაატა ბურჭულაძის ცოლი მზად არის, ჩვენება 8 ოქტომბერს მისცეს – ადვოკატი

დღეს, 4 ოქტომბერს, საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის ცოლი ანგელა ვასილენკო უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის სასამართლოში არ მივიდა. მისი ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ამბობს, რომ ვასილენკო საქართველოში არ იმყოფება, 8 ოქტომბერს დაბრუნდება და ჩვენებას მისცემს. როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს უთხრა, ვასილენკო 2018 წლის მარტიდან გამოთქვამს დაკითხვის მზაობას.

“ანგელა ვასილენკომ პროკურატურას წერილობით მიაწოდა ინფორმაცია, რომ 8 ოქტომბრამდე ჩვენებას ვერ მისცემდა. ამის მიუხედავად, 3 ოქტომბერს პროკურატურამ დაკითხვაზე ვასილენკო მაინც დაიბარა. ასე დაჩქარებულ ვადებში მისი დაბარება ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია”, – ამბობს კვიჟინაძე.

საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საგამოძიებო უწყებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ანგელა ვასილენკო დაკითხვაზე არ მივიდოდა.

პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ იავნანას საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება საქვემლოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

“ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ანგელა ვასილენკოს ადვოკატის თქმით, ფონდის თანხებს მისი ხელმძღვანელი პირები განაგებდნენ.

“ანგელა ვასილენკო ღონისძიებებს არ გეგმავდა. ფონდის სახსრების ხარჯვა საჭიროებებიდან გამომდინარე ხდებოდა. ფონდს ჰყავდა გამგეობა, დირექტორი. გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორი იღებდა ფინანსებზე გადაწყვეტილებას. ფონდს, ბუნებრივია, ხარჯი ექნებოდა, ამაში გასაკვირი არაფერია”, – ამბობს ვახტანგ კვიჟინაძე.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხირიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვიებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.