ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მაია ოთინაშვილის ფოტოს ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2018 • 2248
ცხინვალი მაია ოთინაშვილის ფოტოს ავრცელებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ცხინვალის საპატიმროში მაია ოთინაშვილის უსაფრთხოდ ყოფნის დასადასტურებლად ფოტოსურათს ავრცელებს და აცხადებს, რომ მის გატაცებასთან და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებები უსაფუძვლოა.

“ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს ის და დარწმუნდნენ, რომ ქართველი პოლიტიკოსებისა და უფლებამდაცველების ბრალდებები უსაფუძვლოა”,- ნათქვამია რეს-ის ინფორმაციაში.

“მაია ოთინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას თარჯიმანი და ადვოკატი მიუყვანეს – “კარგად მექცევიან, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვუჩივი, თუმცა, სახლში მინდა”, – წერს სააგენტო ოთინაშვილის სახელით.

სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.

მაია ოთინაშვილი ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო გადაკვეთა] არის ბრალდებული.

ქართული მხარის, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) მოინახულა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მანდატიდან გამომდინარე, ისინი საჯაროდ ვერ ისაუბრებენ დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, ოთინაშვილის ოჯახის პირველადი ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს დაკავების დღეს სცემეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი