ახალი ამბები

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს – დავით ბაქრაძე

4 ოქტომბერი, 2018 • 2625
უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს – დავით ბაქრაძე

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას “საეკლესიო კანონიკისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების სრულად დაცვით” მიიღებს.

“მე შემიძლია მხოლოდ ჩემი, როგორც საქართველო მოქალაქის პოზიცია გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ეკლესია იმსახურებს ავტოკეფალიას. პირველ რიგში, ეს თავად უკრაინის ეკლესიის სურვილია და ეს სურვილი დაადასტურა ათობით ეპისკოპოსმა, სასულიერო პირმა და მრევლმა. არც ისაა საიდუმლო, რომ რუსეთის ეკლესია თავის საეკლესიო იურისდიქციას დღემდე იყენებს უკრაინაში პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლებისა და რუსეთის “დერჟავული” ამბიციების დაცვისათვის”, – უთხრა ბაქრაძემ “ნეტგაზეთს”.

ამასთან, დავით ბაქრაძე ხაზს უსვამს, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გარდა, ეკლესიის ავტოკეფალია უკრაინის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც მნიშვნელოვანია. იგი უკრაინასა და უკრაინის ეკლესიის მრევლს უსურვებს, მალე მოეპოვებინოთ ავტოკეფალია.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება/არაღიარების საკითხს თან ახლავს პოლიტიკური კონტექსტიც, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის კანდიდატების მოსაზრებებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

რაც უფრო მეტი ეკლესია ჩაეხსნება რუსეთის ეკლესიას, მით უკეთესი – ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი