NAEC-ში მიმინოშვილს სოფო გორგოძე შეცვლის, ცნობილია სხვა სსიპ-ების ხელმძღავენელთა ვინაობაც

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. გორგოძის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე კონკურსის გზით შეირჩა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. გორგოძე 2007-2010 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი იყო. ის ასევე განათლების კონსულტანტად მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ცნობილია გახდა სხვა სსიპ-ების ხელმძღვანელთა ვინაობაც:

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – გიორგი ვაშაკიძე
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი- ბერიკა შუკაკიძე
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი – ზვიად გაბისონია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაკიძემ სამართლის მაგისტრის ხარისხი ჰამბურგის უნივერსიტეტში მიიღო. 2014 წელს კი იმავე უნივერსიტეტში სამართლის დოქტორი გახდა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალი დირექტორი საქართველოში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდა. მინისტრის თქმით, ზვიად გაბისონიას იურიდიული განათლება ბრემენის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

გარდა ამისა, განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს – ნათია ზედგენიძე. განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ზედგენიძის ფუნქცია იქნება სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია.

რაც შეეხება მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, ალექსანდრე თევზაძეს, ის პოსტს 31 ოქტომბრამდე შეინარჩუნებს, ხოლო შემდეგ მისივე განცხადების საფუძველზე დატოვებს ამ თანამდებობას. ამ ეტაპზე მიხეილ ბატიაშვილს 5 მოადგილე ჰყავს.

10 სექტემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათთან ერთად თანამდებობები მინისტრის ორმა მოადგილემ დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com