ახალი ამბები

არეულობა ინგუშეთში – მომიტინგეები ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის შეთანხმებას აპროტესტებენ

4 ოქტომბერი, 2018 • 2353
არეულობა ინგუშეთში – მომიტინგეები ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის შეთანხმებას აპროტესტებენ

ინგუშეთში აპროტესტებენ ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

“ბიბისის” რუსული სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაკეტილია გზებირესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში, ინტერნეტი კი შეფერხებით მუშაობს. ინგუშეთის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სროლის ხმაც ისმოდა.

ინგუშეთის სახალხო კრებამ დღეს დაამტკიცა შეთანხმება ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის შესახებ. დოკუმენტის რატიფიკაციას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. 32 დეპუტატიდან სხდომაში სულ 25 მონაწილეობდა. მოქალაქეები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, დილიდან სახალხო კრების შენობასთან მივიდნენ. მომიტინგეები ითხოვდნენ, მათი 10 წარმომადგენლისთვის სახალხო კრების სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ. საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების მიზნით დეპუტატების დელეგაცია “როსგვარდიის” თანამშრომლების თანხლებით გავიდა. ამ დროს ჰაერში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც სამხედროებმა დეპუტატები სამთავრობო კვარტალში დააბრუნეს.

სუნჯის რაიონი წლებია უთანხმოების მიზეზია ჩეჩნეთსა და ინგუშეთშს შორის. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის პრეზიდენტებმა – რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა გასულ კვირას ხელი მოაწერეს შეთანხმებას ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ. ინგუში აქტივისტები ირწმუნებიან, რომ რეგიონების ხელმძღვანელებმა ინგუშეთის მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს, რადგან ამ შეთანხმებით ჩეჩნეთს გადაეცა ინგუშეთის მთიანი მიწების ნაწილი. რამდენიმე ასეული მომიტინგე შეთანხმების გასაპროტესტებლად მაშინვე შეიკრიბა, თუმცა პოლიციამ ისინი დაშალა. რაც შეეხება ჩეჩნეთის პარლამენტს, მან შეთანხმება ერთხმად დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი