ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზზე სპეცრაზმი და შეიარაღებული ძალები განლაგდება – ნათელაშვილის დაპირება

4 ოქტომბერი, 2018 • 1533
საოკუპაციო ხაზზე სპეცრაზმი და შეიარაღებული ძალები განლაგდება – ნათელაშვილის დაპირება

პრეზიდენტობის ლეიბორისტი კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საოკუპაციო ხაზზე ქართული შეიარაღებული ჯარები და სპეცრაზმი განთავსდება ადამიანების გატაცების პრევენციისთვის. ამის შესახებ ნათელაშვილმა ხურვალეთში განაცხადა, სადაც ის დღეს იმყოფებოდა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ საქართველოს ტრაგედიას, რომელმაც ახალი სახე მიიღო იმ დონეზე, რომ ოკუპანტები უკვე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს და საკუთარი ნაკვეთიდან და სახლიდან მიჰყავთ ხალხი ცხინვალის იზოლატორში. მე ვთხოვ ახლავე ივანიშვილს, სამხედრო [ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი] ბაზის ხელმძღვანელი გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნაზე ინტერპოლით.

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი დაპირისპირების ხაზზე განლაგდებიან და ნებისმიერი მცდელეობა ჩვენი ხალხის დაჩაგვრის, მძევლად აყვანის, მკვლელობის, ძალადობის იქნება აღკვეთილი, თავდამსხმელები იქნებიან ლიკვიდრებული ან დაპატიმრებულნი. ეს ახლავე იცოდეს ყველამ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ინფორმაციით, ორგანიზაციამ 3 ოქტომბერს, გვიან საღამოს, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მანდატიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ისაუბრებენ დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა. ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან”, – აცხადებენ წითელ ჯვარში.

წითელი ჯვრის მიერ ოჯახისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, ქართულ ტელევიზიებთან საუბარში დაკავებულის ქმარმა განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 3 ოქტომბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 29 სექტემბერს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, კერძოდ, როგორც ომბუდსმენი წერდა, ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემიიყო.

სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.

“ჩვენი ინფორმაციით, რაც ოჯახისა და თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, მიწის ნაკვეთი უშუალოდ არ ემიჯნება მავთულხლართს და დაკავება მოხდა მავღულხლართიდან 50 მეტრში. დაკავება იყო ძალადობრივი, რადგან ქალბატონი ითხოვდა შველას და იძულების წესით მიათრევდნენ, რადგან წინააღმდეგობას უწევდა. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახი რეგულარულად შედის და, შესაბამისად, არ უგრძვნიათ რამე საფრთხე. ჩვეულებრივ შევიდა მოსავლის ასაღებად, როდესაც ეს ფაქტი მოხდა.

როგორც გვითხრეს, იყო 2 შეიარაღებული ნიღბიანი, თუმცა გარჩევა იმისა, ოსები იყვნენ თუ რუსები, შეუძლებელი იყო. მოსახლეობა ამ დაკავებას ხსნის იმით, რომ მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებს პრემია აქვთ დანიშნული თითოეულ დაკავებულზე, ადგილობრივები ასახელეენ 10 000 რუბლს. ჩვენი ინფორმაციით, პრემიის თაობაზე ხმები ცხინვალშიც დადის”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მედეა ტურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი