სირიაში პანკისელი ცოლ-ქმარი და მათი 8 წლის შვილი დაიღუპნენ

დაახლოებით ერთი წლის წინ სირიაში 36 წლის კახა ტოხოსაშვილი, მისი ცოლი 34 წლის აღაზა ბორჩაშვილი და მათი 8 წლის შვილი, სავარაუდოდ, დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდებოდა ეს ცნობა. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დაუდასტურეს.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს დილიდან დაიწყეს. მათივე ცნობით, სირიაში დაღუპული აღაზა ბორჩაშვილი 8 თვის ორსული იყო.

როგორც პანკისის სათემო რადიო წერს, კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა: “ISIS-ის წევრი იყო მისი ძმაც, 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი, რომელიც თარხან ბათირაშვილის რაზმში ირიცხებოდა. ბექხან ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა.”

ადგილობრივი რადიოს ინფორმაციით, 2015 წლის აპრილის ბოლოს ბექხან ტოხოსაშვილს, ცოლად შერთვის მიზნით პანკისიდან 17 წლის გოგო გაუგზავნეს, რომელიც სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დისშვილია. აიუფ ბორჩაშვილი სასამართლოს მიერ ტერორიზმის ხელშეწყობაშია მსჯავრდებული და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

2012 წლიდან მოყოლებული, კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში ჩარიცხული 31-ე პანკისელია, ვინც ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა იერიშების დროს გაცილებით მეტი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, რადგან ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პანკისელთა ნაწილს ცოლ-შვილიც თან ჰყავდათ წაყვანილი.

ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოდან

სირიის დაბომბვის ამსახველი ფოტო გამოყენებულია მხოლოდ მასალის ილუსტრაციისთვის © REUTERS

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.