ფრენსის არნოლდი – პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო

2018 წელს ნობელის პრემია ქიმიაში 3 მეცნიერს გადაეცა, რომლებმაც ევოლუციური ბიოლოგიის გამოყენებით ისეთი მოლეკულები “შექმნეს”, რომლებსაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. მეცნიერებს შორის ერთ-ერთი, ფრენსის არნოლდი, პირველი ამერიკელი და ისტორიაში მეხუთე ქალია, რომელმაც აღნიშნული პრემია აიღო.

როგორც Huffington Post წერს, ფრენსის არნოლდი  კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების პროფესორია. არნოლდმა პრემია ფერმენტების პირდაპირი ევოლუციისთვის მიიღო. ამ მეცნიერული მიღწევით მეცნიერებს შეეძლებათ, ფერმენტების ევოლუციაში მონაწილეობა მიიღონ, რაც მათ შესაძლებლობებსა და მოქმედების არეალს გაზრდის.

ფერმენტები ცილოვანი ბუნების რთული ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც ცოცხალ უჯრედში წარმოიქმნებიან და ხელს უწყობენ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების მრავალჯერ აჩქარებას. ისინი უდიდეს როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში. სხვანაირად,  ფერმენტებს ენზიმებსა და ბიოკატალიზატორებსაც უწოდებენ.

როგორც თავად არნოლდი განმარტავს, ჩატარებული მეცნიერული ცდით, მან, ფაქტობრივად, “გადაწერა სიცოცხლის კოდი”, რაც ადამიანთა მრავალ პრობლემას გადაჭრის. ფერმენტებზე ზემოქმედება ყოველდღიური ცხოვრების, ფაქტორბივად, ყველა სფეროშია გამოსადეგი, დაწყებული მედიცინიდან, დამთავრებული განახლებადი ენერგიით.

მაგალითად, ფერმენტებზე პირდაპირი ზემოქმედებით შესაძლებელია ისეთ ავტოიმუნურ დაავადებასთან ბრძოლა, როგორიც არის ართრიტი.

გარდა ამისა, არნოლდსის მიერ აღმოჩენილი პროცესი დაეხმარება ისეთი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერების შექმნაში, რომელიც გარემოსთვის გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება.

პრემიის არსებობის 117-წლიან ისტორიაში ნობელის პრემია ქიმიის დარგში სულ ოთხმა ქალმა აიღო მათ შორის: ადა იონათმა (2009 წელი) ; დოროთი ჰოდგკინმა (1964 წელი); ირენ ჟოლიო-კიურიმ (1935 წელი) და მარი სკლოდოვსკა-კიურიმ (1911 წელი).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან