ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წითელმა ჯვარმა ცხინვალში დაკავებული მაია ოთინაშვილი მოინახულა

4 ოქტომბერი, 2018 • 1864
წითელმა ჯვარმა ცხინვალში დაკავებული მაია ოთინაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ინფორმაციით,  3 ოქტომბერს, გვიან საღამოს, ორგანიზაციამ ცხინვალის ციხეში მოინახულა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მანდატიდან გამომდინარე, ისინი საჯაროდ ვერ ისაუბრებენ დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა. ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან”, – აცხადებენ წითელ ჯვარში.

წითელი ჯვრის მიერ ოჯახისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, ქართულ ტელევიზიებთან საუბარში, დაკავებულის ქმარმა განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 3 ოქტომბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 29 სექტემბერს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, კერძოდ, როგორც ომბუდსმენი წერდა, ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემი იყო.

სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.

“ჩვენი ინფორმაციით, რაც ოჯახისა და თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, მიწის ნაკვეთი უშუალოდ არ ემიჯნება მავთულხლართს და დაკავება მოხდა მავღულხლართიდან 50 მეტრში. დაკავება იყო ძალადობრივი, რადგან ქალბატონი ითხოვდა შველას და იძულების წესით მიათრევდნენ, რადგან წინააღმდეგობას უწევდა. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახი რეგულარულად შედის და, შესაბამისად, არ უგრძვნიათ რამე საფრთხე. ჩვეულებრივ შევიდა მოსავლის ასაღებად, როდესაც ეს ფაქტი მოხდა.

როგორც გვითხრეს, იყო 2 შეიარაღებული ნიღბიანი, თუმცა გარჩევა იმისა, ოსები იყვნენ თუ რუსები, შეუძლებელი იყო. მოსახლეობა ამ დაკავებას ხსნის იმით, რომ მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებს პრემია აქვთ დანიშნული თითოეულ დაკავებულზე, ადგილობრივები ასახელეენ 10 000 რუბლს. ჩვენი ინფორმაციით, პრემიის თაობაზე ხმები ცხინვალშიც დადის”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მედეა ტურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი