ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი საბრძოლო მასალებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

4 ოქტომბერი, 2018 • 2812
თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი საბრძოლო მასალებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

სამხედრო პოლიციამ სამი პირი დააკავა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, აქედან ორი თავდაცვის უწყების თანამშრომელია, ერთი კი- სამოქალაქო პირი.

განცხადება ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა.

“საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ-სთან, რომლებიც შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას კონკრეტულად (საბრძოლო ვაზნებს), მოქალაქე ს.ბ-ს დახმარებით ახდენდნენ რეალიზაციას. საქმეზე ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები”, – განაცხადა ბაზერაშვილმა.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და ბრალის დადასტურების შემთხვევაში 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სპეცოპერაცია მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა, თუმცა უწყებას ინფორმაცია არ გაუხმაურებია. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდნენ და სწორედ ამის გამო გაასაჯაროა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია ახლა.

თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ განცხადება აქამდე არ გაკეთდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინადან მონაწილე პირთა წრე იყო გამოსავლენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი