ახალი ამბები

ზაზა ოქუაშვილი: “ომეგას” უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებები არ ჰქონია

3 ოქტომბერი, 2018 • 3190
ზაზა ოქუაშვილი: “ომეგას” უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებები არ ჰქონია

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ უცხოელ პარტნიორებთან “ომეგას” დავალიანება არ ჰქონია და კომპანიას პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიზნესომბუდსმენსა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

“ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან. პრობლემები გამორიცხულია, ისინი საქმის კურსში არიან. პრობლემები, რა თქმა უნდა, არ გვქონია, არც გვქონდა და ასეთი რამე, რომ რამე დავალიანება გვქონდეს უცხოელი პარტნიორების, აბსურდია. დავალიანება და ვალდებულებები შეექმნა კომპანიას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავიწყე კონკრეტულ საკითხებზე შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან და ბიძინა ივანიშვილთან”, – ამბობს ოქუაშვილი ტელეკომპანია “იბერიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ოქუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ლონდონში რჩება და საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს, თუმცა, მისი თქმით, მზადაა სამართალდამცავ უწყებებს ჩვენება დისტანციურად მისცეს.

დღეს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა “ომეგა ჯგუფის” უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ. ყიფიანის თქმით, ეს ოქუაშვილის იდეა იყო, რათა უცხოელი პარტნიორები, რომლებთანაც კომპანიას დავალიანება ჰქონდა, დაერწმუნებინათ, რომ კომპანიაზე ზეწოლას სახელმწიფო ახორციელებს და ვალი გადაევადებინათ.

ვრცლად, “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წაიკითხეთ:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი