ლევან ყიფიანის თქმით, ჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა დადგეს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სასამართლოში მიცემული ჩვენების შემდეგ ჟურნალსიტებთან აცხადებს, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა “ომეგა ჯგუფის” უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ:

“ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულის თვეში. მან შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და დამიხატა სურათი, რომ რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან, ის პრობლემებს განიცდის საქართვლეოში ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით.

ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ ჩვენ უნდა ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შემდეგ უნდა წარედგინა [უცხოელი პარტნიორებისთვის]. იგი მპირდებოდა, რომ ეს იყო შიდა მოხმარების და უნდა წასულიყო უცხოეთში. იგი დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და მოხდებოდა იმ ვალდებულებების გადავადება, რომელიც პარტნიორებთან გააჩნდა” – ამბობს ყიფიანი.

ყიფიანის თქმით, ეს ოქუაშვილის იდეა იყო, რათა უცხოელი პარტნიორები, რომლებთანაც კომპანიას დავალიანება ჰქონდა, დაერწმუნებინათ, რომ კომპანიაზე ზეწოლას სახელმწიფო ახორციელებს და ვალი გადაევადებინათ:

“რადგან პრობლემა იყო ჩვენ შორის და გამუდმებით მივანიშნებდი მას იმ დავალიანებაზე, რომელიც ჩემ მიმართ დაუგროვდა და მე მას ვახსენებდი, ეს დავალიანება გაესტუმრებინა, სწორედ ამაზე აპელირებით ოქუაშვილმა მითხრა, რომ მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს მასალები წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად”, – თქვა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანს არ დაუკონკრეტებია, რომელ უცხოელ პარტნიორებსა და  კომპანიებზეა საუბარი. ყიფიანი ასევე ამბობს, რომ ჩანაწერები, რომლებიც ერთობლივად განახორციელეს, დამონტაჟებულია.

რაც შეეხება 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” გატანის ეპიზოდს, ყიფიანი თანხის გატანას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ არ იცის, სად წავიდა ის ფული:

“რა თქმა უნდა, მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, ამისთვის ვმუშობდი და გამაჩნდა ის ხელშეკრულება. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი. რაც შეეხება ინტერესს ბანკთან მიმართებით, მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა, მაგრამ სად წავიდა ეს თანხა, ჩემთვის უცნობია”.

ლევან ყიფიანს ბიძინა ივანიშვილთან და იმ დროისთვის ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზეც ჰკითხეს, რომელსაც არც გახარია და არც ივანიშვილი არ უარყოფენ. თუმცა, ყიფიანმა ამ კითხვას პასუხი არ გასცა.


პირველი აუდიოჩანაწერი 9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

გასაჯაროებულ  საუბარში ტელეკომპანია “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2″-ის ცნობით, სავარაუდოდ, ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2″-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”.

მოგვიანებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა  “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ორი სკანადლური ჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არაა დადასტურებული. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მმართველი პარტიისთვის ფულის გადახდას, ასევე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას სთხოვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.