მერაბიშვილის გამოკვლევებზე ინფორმაცია ადვოკატებს გაეგზავნათ – პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები ადვოკატებს გაუგზავნეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადვოკატებს წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია 20 სექტემბრიდან ჩატარებული გამოკვლევების შესახებ. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ადვოკატებს დოკუმენტაციის ხელზე გატანის შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა ისინი უწყებაში ამ დრომდე არ გამოცხადებულან.

“ადვოკატებისათვის დღეს გაგზავნილი “ავერსის კლინიკის” სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება (სამედიცინო დოკუმენტაცია NIV-100/ა), ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავე დოკუმენტის თანახმად, თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს,” – წერია პენიტენციალური სამსახურის განცხადებაში.

გუშინ, 2 ოქტომბერს, ვანო მერაბიშვილის ცოლმა თამარ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქმრის ნახვისა და დიაგნოზის გაცნობის საშუალებას არ აძლევენ.

“ჩემთვის დღემდე უცნობია, თუ რა კვლევები უტარდება მას, მხოლოდ ვისმენთ საჯარო განცხადებებს და დღემდე არ გვაქვს მისი კვლევის შედეგები. მეტიც, სახელმწიფო არცერთ ეტაპზე საქმის კურსში არ ამყოფებს არც მისი ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს კვლევებსა და მათ შედეგებზე” – წერს თამარ მერაბიშვილი.

იმავე დღეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიუხედავად მკურნალობისა, ყოფილი პრემიერის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ადვოკატები ამბობენ,  მკურნალობა, რომელიც მერაბიშვილს უტარდება, უშედეგოა, ვინაიდან ებრძვის სიმპტომებს, ხოლო ექიმებმა სიმპტომების გამომწვევი მიზეზი დღემდე არ იციან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.