ახალი ამბები

ლევან ყიფიანის თქმით, გავრცელებული ჩანაწერები დამონტაჟებულია – ადვოკატი

3 ოქტომბერი, 2018 • 3422
ლევან ყიფიანის თქმით, გავრცელებული ჩანაწერები დამონტაჟებულია – ადვოკატი

სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს სასამართლოზე გამოკითხავენ. პროცესის დაწყებამდე ჟურნალსიტებს ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა.

ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის გადაწყვეტილება საქმეზე დიდი საჯარო ინტერესის გამო მიიღეს. ადვოკატის თქმით, ლევან ყიფიანის ჩვენება საქმეში ახალ გარემოებებს გამოავლენს. მისი თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები სხვადასხვა დროსაა ჩაწერილი და მონტაჟის შედეგად მათი კონტექსტი დამახინჯებულია:

“საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის  მიწოდებას გეგმავს [ყიფიანი], საკმაოდ სერიოზული ინფორმაციის, რომელიც შეიტანს აბსოლუტურად ახალ გარემოებებს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ.

ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, ჩვენ ვფიქრობთ და მას მიაჩნია, რომ პირველ ოთხ ჩანაწერში იყო მონტაჟი, სანამ ინტერივუს მისცემდა ბატონი ოქუაშვილი. ამ ჩანაწერებში არის მონტაჟი, რაღაც ნაწილები არის ამოჭრილი, გადაბმული და ა.შ. იმედი გვაქვს, ექსპერტიზა ამას დაადგენს”, – ამბობს ადვოკატი.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყიფიანი არ უარყოფს, რომ ამ პირებთან კომუნიკაცია მართლაც ჰქონდა და ამის უფლებას აძლევდა იმჟამინდელი პროფესიული საქმიანობა:

“სამი წლის განმავლობაში იგი მუშობდა ოფიციალურად.   ხელშეკრულება დადებულია, სადაც წერია, რომ მას უფლება ჰქონდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები როგორც კერძო, ისე ფიზიკურ, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან. ამ კომპანიასთან წარმოშობილ პრობლემებთან, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვა. კონკრეტულად მისი მოვალეობა გახლდათ ეს. მისი ხმა ისმის ამ ჩანაწერებში, თუმცა მონტაჟით შეცვლილია კონტექსტები. ეს ჩანაწერები არის სხვადასხვა პერიოდში გაკეთებული. მაგალითად, სკაიპით გაკეთებული ჩანაწერი ორი წლის წინანდელია”, – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ადვოკატი ამბობს რომ ყიფიანს მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.


პირველი აუდიოჩანაწერი 9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

გასაჯაროებულ  საუბარში ტელეკომპანია “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2″-ის ცნობით, სავარაუდოდ, ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2″-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მოგვიანებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა  “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ორი სკანადლური ჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არაა დადასტურებული. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მმართველი პარტიისთვის ფულის გადახდას, ასევე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას სთხოვდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი