ახალი ამბები

ქობულია აგვისტოში ეკონომიკის 2%-იან ზრდაში “პრობლემას ვერ ხედავს”

3 ოქტომბერი, 2018 • 1591
ქობულია აგვისტოში ეკონომიკის 2%-იან ზრდაში “პრობლემას ვერ ხედავს”

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პრობლემას ვერ ხედავს იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. ქობულიას თქმით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 5% იქნება და ამ პროგნოზს საერთშორისო სავალუტო ფონდიც ეთანხმება.

ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ ამ წლის ზოგიერთ თვეში მშპ შეიძლება 2%-ით, ზოგჯერ კი 8%-ით გაიზარდოს, საბოლოოდ კი წლიური ზრდა 5% იქნება.

“ეკონომიკური ზრდა თვის ფარგლებში არ არის დიდი მაჩვენებელი. 2%-იანი ზრდა ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სამინისტრომ იცოდა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ტემპის შენელებას ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ექნებოდა. როცა ნებართვების გაცემას ვამცირებდით, ეს გააზრებულად მოხდა და მისი შედეგების შესახებაც ვიცოდით. მშენებლობის გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპიც შენელებული იყო. სექტემბერ-ოქტომბერში ამ მიმართულებით მუშაობა გაორმაგდება, ამას თქვენ თავადაც ნახავთ. ფეროშენადნობების კომპანია ბაზრიდან რემონტის გამო დროებით გასული იყო. საერთოდ აგვისტო ნელი თვეა ბევრი მიმართულებით”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ სექტემბერში ასეთ დაბალ ეკონომიკურ ზრდას მთავრობა აღარ ელის. ქობულიას მტკიცებით, გაჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომდევნო თვეებში განახლდება, ხოლო ფეროშენადნობების კომპანია უკვე სრული დატვირთვით ამუშავდა და ამ მიმართულებით სექტემბერში ჩავარდნა აღარ იქნება.

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, აგვისტოს 2%-იანი ზრდის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მიმდინარე წლის სხვა თვეებთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი