ახალი ამბები

კვიციანის თქმით, დეკლარაციაში შვილის კომპანიის მიუთითებლობის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს

3 ოქტომბერი, 2018 • 2238
კვიციანის თქმით, დეკლარაციაში შვილის კომპანიის მიუთითებლობის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ქონებრივ დეკლარაციაში შვილის მიერ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიის არშეტანის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს. კვიციანის განცხადებით, ეს უსამართლოა, რადგან ამ კომპანიას არავითარი აქტივობა დაფუძნების შემდეგ არ ჰქონია და მისი არსებობა შვილსაც კი არ ახსოვდა.

“დამაჯარიმეს, თითქოს დეკლარაციაში არ ავსახე ჩემი შვილის კომპანია, რომელიც 2013 წელს დაუფუძნებიათ, მაგრამ მერე მიუტოვებიათ. თვითონაც არ ახსოვდა ჩემს შვილს და მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ასეთი კომპანია არსებობდა”, – თქვა კვიციანმა.

“ეს არის უსამართლობა. პატრიოტებს არაფერს გვპატიობთ, პატარა შეცდომასაც კი, ნაციონალებს კი კოჭს უგორებთ”, – განაცხადა კვიციანმა და ამის მაგალითად უგულავას ციხიდან გამოშვება დაასახელა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატს უთხრა, რომ მის მსგავსად არაერთი დეპუტატია დაჯარიმებული დეკლარაციებთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიიდან. კობახიძის თქმით, თუ არსებობს გასაჩივრების მექანიზმები, პარლამენტი დეპუტატებს დაეხმარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი