ახალი ამბები

აშშ მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ თბილისს ნახევარ მილიონ დოლარს გამოუყოფს

3 ოქტომბერი, 2018 • 1945
აშშ მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ თბილისს ნახევარ მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს გამოუყოფს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება აგრესიულ პროპაგანდას ქვეყნის არამეგობარი ძალების მხრიდან.

მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ აღნიშნული გამოწვევების გასამკლავებლად გამოყო დაფინანსება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

„ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის გასამკლავებლად გამოგვეყოფა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა გადაეცემა „საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომლებიც მოაქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოსა და მისი მოქალაქებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი