ახალი ამბები

კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები დააკავეს

3 ოქტომბერი, 2018 • 4805
კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები, მათ  შორის, სავარაუდოდ, დირექტორი – გივი ჯიბლაძე, დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დეველოპერული კომპანია “სვეტის” მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.

უწყების თქმით, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

“სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია,  რომ  ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მხოლოდ ერთ ობიექტზე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

“გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი.

ამოღებულია დეველოპერულ კომპანია “სვეტთან” კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს “სვეტი დეველოპმენტის”, შპს “სვეტის”, შპს “სვეტი ჯგუფის”, შპს “სვეტი ნუცუბიძის” და შპს “ვანკონსტრაქშენის” საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო – ტექნიკური ექსპერტიზები,” – ამბობს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

უწყების თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია “სვეტის” ყველა მენაშენეს, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, დაზარალებულებად ცნობენ.

კომპანია “სვეტი” აშენებდა საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ჭყონდიდელის და მირცხულავას ქუჩებზე.

თბილისის გარდა, კომპანიამ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან “ოლიმპიური ქალაქის” მშენებლობა 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. მოგვიანებით “ბათუმელებმა” გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, “სვეტი ჯგუფს” აღარ ეკუთვნოდა.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია “სვეტი” წილებს ასხვისებდა. სამშენებლო კომპანია “სვეტის” ოფისში დაზარალებულმა მენაშენეებმა დირექტორებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ ყიდულობდა კომპანიის წილს და დასრულებულიყო დაწყებული მშენებელობები.

ვრცლად ამ საკითხზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი