ახალი ამბებიეკონომიკა

უცხოელებისთვის საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივდება – მთავრობის ინიციატივა

3 ოქტომბერი, 2018 • 5105
უცხოელებისთვის საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივდება – მთავრობის ინიციატივა

რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილება, – ამ შეფასებით დაიწყო მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბარი, რომლის მიხედვითაც 34 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აქ ჩამოუსვლელად, ელექტორნულად დაარეგისტრირონ საქართველოში კომპანიები, გახსნან საბანკო ანგარიშები და ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათებით.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა გახდება წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი.

“ჩვენ შემოგვაქვს ელექტრონული რეგისტრაციის პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიოს 34 ქვეყნის მოქალაქეს სქართველოში ჩამოუსვლელად ელექტრონულად დაარეგისტრირონ საკუთარი კომპანიები და გახსნან საბანკო ანგარიშები, ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით. ეს 34 ქვეყანა გახლავთ ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო, ფაქტობრივად. რაც არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო [რეგიონში] გახდეს ფინანსური ცენტრი”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა უწყებას მიეცემა შესაბამისი დავალება, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნება პარალმენტს. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, 2019 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული 34 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს სერვისი უკვე არსებობდეს.

სამთავრობო გუნდის წევრები დღეს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც, პრემიერის განცხადებით, კიდევ უფრო დეტალურად იმსჯელებენ “ამ მართლაც ისტორიულ ინიციატივაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი