ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

3 ოქტომბერი, 2018 • 1432
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

29 სექტემბერს რუსი სამხედროების მიერ გორის რაიონის მცხოვრები მაია ოთანაშვილის დაკავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარე პატრნიორებთან ერთად ცხინვალიდან მის გათავისუფლებაზე მუშაობს.

“ვიმედოვნებ, ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდება თავის შვილებს და თავის ოჯახს. ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი. შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რათა ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცხინვალის სტრუქტურები აცხადებენ, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ფულის მიღების სანაცვლოდ, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო საზღვრის უკანანო გადაკვეთაში ეხმარებოდა.

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება რუსი სამხედროების მიერ პერიოდულად ხდება. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ათავისუფლებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ყველაზე მეტი ადამიანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს და გაიტაცეს – 163 პირი. იმავე წყაროს ინფრომაციით, წელს, 8 აგვისტოს მონაცემებით, დაკავებული და გატაცებულია 66 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი