ახალი ამბები

ხელისუფლებას უნდა, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ – მიხეილ ბენიძე

3 ოქტომბერი, 2018 • 3033
ხელისუფლებას უნდა, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ – მიხეილ ბენიძე

ხელისუფლებას უნდა, რომ ყველა ჩუმად ვიყოთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ, – ასე ეხმაურება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

“დღეს მმართველი პარტიის მესიჯ-ბოქსი იყო, გამოძიების დასრულებას რატომ არ დაელოდნენ და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებამდე რატომ გააკეთეს განცხადება არასამთავრობოებმაო.ამ ლოგიკით გამოდის, რომ 2012 წლის სექტემბერში ციხის კადრები რომ დაიდო და იმავე საღამოს, რამდენიმე წუთში Facebook-ზე განცხადება დავდეთ, არასწორად მოვქცეულვართ და ჯერ სააკაშვილის პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას და კადრების ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით. ასევე, გამოდის, რომ არაფერი უნდა გვეთქვა აფგან მუხთარლის გატაცების, ფარული ჩანაწერების გავრცელების, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის და სხვა ფაქტებზე, რადგან არცერთ ამ გახმაურებულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და შედეგი არ დამდგარა”, – წერს ბენიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ბენიძის თქმით, სამოქალაქო სექტორის როლი ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტში კი არ ამყოფოს და მისი მითითების მიხედვით ილაპარაკოს, არამედ ხმამაღლა მიუთითოს პრობლემებზე და მოითხოვოს კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა.

“რადგან ასე ძალიან აეწვათ კუდი და სამოქალაქო სექტორს შემოგვიტიეს, მათ შორის სამარცხვინო მანიპულაციებით გაჯერებული ტელესიუჟეტებით ხელისუფლების ლოიალურ არხზე, ესე იგი ჩვენმა განცხადებამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ზუსტად მოხვდა მიზანში”, – წერს ბენიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი