ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი პოლიტიკური კრიზისი სომხეთში – ფაშინიანი ვადამდელ არჩევნებს აანონსებს

3 ოქტომბერი, 2018 • 2226
ახალი პოლიტიკური კრიზისი სომხეთში – ფაშინიანი ვადამდელ არჩევნებს აანონსებს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2018 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, 2 ოქტომბერს ერევნის პარლამენტთან ათასობით ადამიანი გამოვიდა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მრავალათასიანმა სპონტანურმა მიტინგმა დაადასტურა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საყოველთაო მოთხოვნაა და ის, ვინც მის ჩატარებას შეეწინააღმდეგება, სომეხ ხალხს ომს გამოუცხადებს.

სომხეთის ეროვნული კრების რეგლამენტის შესახებ კანონში ცვლილებები სომხეთის პარლამენტმა 2 ოქტომბერს მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო. ცვლილებები ქვეყნის პრემიერს არ აძლევს უფლებას, 2018 წლის ბოლომდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.  კანონპროექტი ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნის შეზღუდვას ისეთ სიტუაციაში, თუ დეპუტატებს ქვეყნის პრემიერის არჩევა მეორე ჯერზე მოუწევთ.

საკანონმდელო ცვლილებას მხარი დაუჭირეს ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, ასევე, “დაშნაკციუტიუნისა” და “წარუკიანის” ბლოკის წარმომადგენლებმა.

პრემიერმა ფაშინიანმა სომხეთის ეროვნული კრების მიერ საკანონმდელო ცვლილების მიღების შემდეგ მხარდამჭერებს პარლამენტის შენობის გასასვლელის გადაკეტვისკენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ფაშინიანმა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსახილველად საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებები გამართა.

მომიტინგეებთან გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში კონტრრევოლუციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გადადგება, პრემიერის მოვალეობას შეასრულებს, მანამდე კი საპარლამენტო ფრაქციებთან ხელი მოეწერება შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ისინი პრემიერის პოსტზე კანდიდატურებს არ წარადგენენ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პრემიერი ორჯერ ვერ აირჩიეს, პარლამენტს დაითხოვენ.

მისმა ოპონენტებმა ფაშინიანის ქმდებები პარლამენტის საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეაფასეს.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი