ახალი ამბები

ერევანში მიმდინარეობს დემონსტრაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით

2 ოქტომბერი, 2018 • 1888
ერევანში მიმდინარეობს დემონსტრაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, ერევანში პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ და მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

სომხეთის პარლამენტი 2 ოქტომბრის საღამოს სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბა, რათა მიეღოთ ცვლილება, რომელიც ფაშინიანს არ აძლევს უფლებას, 2018 წლის ბოლომდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

ფაშინიანმა მხარდამჭერებს ფეისბუკის საშუალებით მოუწოდა, გამოვიდნენ პარლამენტთან და ვადამდელი არჩევნები მოითხოვონ. დეპუტატებს კი ურჩია, ნუ დაუჭერენ მხარს ამ “კონტრრევოლუციურ” კანონპროექტს.

თუმცა პარლამენტმა ეს კანონი მაინც მიიღო 67 ხმით.

როგორც ადგილობრივი გამოცემა EVN Report წერს, პოლიტიკური პარტიები, “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია — დაშნაკცუთიუნი” და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის “აყვავებული სომხეთი”, რომლებიც  “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ფაშინიანს გვერდით დაუდგნენ, კვლავ ყოფილ მმართველ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას უჭერენ მხარს.

ფაშინიანს, რომელსაც პარლამენტში თავისი მხარდამჭერების სიმრავლე სჭირდება, სურს, რომ არჩევნები დეკემბერში გაიმართოს.

გარეკანის ფოტო: EVN Report

მასალების გადაბეჭდვის წესი