ახალი ამბები

პროექტის თანახმად, 2019-ში ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონით იზრდება

2 ოქტომბერი, 2018 • 1926
პროექტის თანახმად, 2019-ში ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონით იზრდება

2019 წელს საქართველოს ბიუჯეტი, 2018-თან შედარებით დაახლოებით 270 მილიონით იზრდება და 12,729,700 000 ლარს შეადგენს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, წინა წელთან შედარებით, 2 მილიონით იზრდება  პარლამენტის ბიუჯეტი და  64 736 000 ლარი იქნება.

მომავალ წელს განათლების საერთო ბიუჯეტი 1,3 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტს შეადგენს, 2018 წლის გეგმაზე დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი. აქედან ყველაზე მეტი — თითქმის ნახევარი — საშუალო ზოგად განათლებაზე მოდის.

უშუალოდ სოციალური დაცვის მიმართულება 252 მილიონი ლარით იზრდება და 2019 წელს სავარაუდოდ შეადგენს 2 934 972 000 ლარს. აქედან თითქმის ორი მილიარდი ლარი ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე დაიხარჯება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 7 მილიონით იზრდება და 127 მილიონ ლარს შეადგენს.

2019 წელს ქვეყანა თავდაცვაზე გეგმავს 819.4 მილიონი ლარის გამოყოფას, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტს წარმოადგენს.  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 4.4 მილიარდით მეტია.

2 მილიონი ლარით იზრდება უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი — ამისთვის 134 000 000 ლარია გათვლილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 863 070 000 ლარი იქნება, წინა წელთან შედარებით 250 მილიონ ლარზე მეტი.

ბიუჯეტის ახლად გამოქვეყნებული პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და განხილვის ეტაპზე შესაძლებელია მასში ცვლილებების შეტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი