ახალი ამბები

ადვოკატთა თქმით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა

2 ოქტომბერი, 2018 • 1523
ადვოკატთა თქმით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა

დღეს 2 ოქტომბერს,  ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიუხედავად მკურნალობისა, მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მკურნალობა, რომელიც მერაბიშვილს უტარდება, უშედეგოა, ვინაიდან ებრძვის სიმპტომებს, ხოლო ექიმებმა სიმპტომების გამომწვევი მიზეზი დღემდე არ იციან.

“გვაქვს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, თუ რა სჭირს ამ ადამიანს, მოგვცენ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ დიაგნოზის დასმა ჩვენი მოწვეული ექიმებით. იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოქსიკაცია, ინსულტი. თუმცა, ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი. მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ უცხოელი ექიმები იმ კლინიკაში და  ჩვენ მაინც მივაღწიოთ, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და მას სწორად უმკურნალონ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს ან არ ახერხებს“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

საპირისპიროს აცხადებს პენტენციური სამსახური. მათი თქმით, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და დღეს, 2 ოქტომბერს, სამოქალაქო კლინიკაში მხოლოდ ადვოკატების ეჭვების გასაფანტად გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, 2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკა “ავერსში” ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ.

მასალების გადაბეჭდვის წესი