ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროსთან ომეგა ჯგუფის თანამშრომლები აქციას მართავენ

2 ოქტომბერი, 2018 • 1355
ფინანსთა სამინისტროსთან ომეგა ჯგუფის თანამშრომლები აქციას მართავენ

ფინანსთა სამინისტროსთან ომეგა ჯგუფისა და ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლები აქციას მართვენ. ისინი ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ, კომპანიას მუშაობის საშუალება მისცეს. აქციას პოლიტიკური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრებიც შეუერთდნენ. აქციაზე მივიდნენ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, 18 წელია, რაც ომეგაში მუშაობს, თუმცა მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა კომპანიის ქონებას ყადაღა დაადო, უმუშევარი დარჩა.

“ორ თვეზე მეტია, რაც უმუშევრები ვართ, ოჯთ-ის ფაბრიკა აღარ მუშაობს. ჩემთან ერთად უმუშევარია დაახლოებით 1500 ადამიანი. ამ ადამიანების უკან მათი ოჯახები დგას. ჩვენ შევიკრიბეთ ფინანსთა სამინისტროსთან და მოვითხოვთ დაგვიბრუნოთ შრომის უფლება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა,” -უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია იბერიას.

ომეგას თანამშრომელმა ნატო ფიცხელაურმა აქციაზე განაცხადა, რომ სამინისტრომ უნდა განმარტოს რატომ არ აძლევენ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

“ჩვენ გვაქვს უფლება, დასაქმებული ვიყოთ. გამოვიდეს მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, რომლებიც განსაკუთრებულს არაფერს მოვითხოვთ. მოვითხოვთ შრომის უფლებას და გვიპასუხოს სამინისტრომ, რატომ არ გვაძლევენ მუშაობის შესაძლებლობას. ხომ ამბობენ, რომ 6 წელია ხალხზე ვზრუნავთო, ნება იბოძონ, გამოვიდნენ და პასუხი გაგვცენ ამ კითხვაზე,” – განაცხადა ნატო ფიცხელაურმა.

უმუშევრობის გამო მის ოჯახში შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ზიზი თაბაგარი.

“ორ თვეზე მეტია უმუშევრები ვართ, ამის გამო ეკონომიკური პრობლემა ყველა ოჯახში გაჩნდა, მათ შორის ჩემს ოჯახშიც. საშინელებაა, როცა მუშაობ, გაქვს შენი საქმე, გგონია, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებ, ჩვენი ეროვნული ნაწარმი გამოდის და ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ამ დროს კი უმუშევარი რჩები,” -ამბობს ზიზი თაბაგარი.

აქციის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძემაც მიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ომეგას თანამშრომლებს გამძლეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პარტია მათ გვერდით იქნება.

“ერთი თვეა ვუყურებთ, როგორ მჟღავნდება ამ ე.წ. ხელისუფლების ნამდვილი კრიმინალური ბუნება. ეს ხალხი წაგვართმევს ყველაფერს, რაც დაგვრჩა, ჩვენ კი მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაგვრჩა. თუ არ გავიმარჯვეთ და ამათ ხელისუფლება ხელიდან არ გამოვტაცეთ, სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ, რომელიც დღეს ჩვენი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გარანტიას წარმოადგენს,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმაც მიმართა. მისი თქმით, პარტია და ოპოზიციური გაერთიანება ომეგა ჯგუფს თავიდანვე უცხადებდა სოლიდარობას.

“ჩვენ მუდმივად თქვენს გვერდით ვიქნებით. ტელეკომპანია “იბერიის” გვერდით, რადგან უძვერფასესია ის ღირებულება, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია. საქართველოში არცერთ ტელევიზიას არ უნდა დაემუქროს საშიშროება იმის მიუხედავად, ჩვენ მოგვწონს თუ არა ის. მერწმუნეთ, ჩვენ დავიცავთ “იბერიას”, ჩვენ დავიცავთ ბიზნესს და ამ ქვეყანას,”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ომეგა ჯგუფში”  შემავალი კომპანია ოჯთ-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზით, რაც ბაზარზე კონკურენციის პირობების დარღვევასა და კომპანიის არაერთხელ გაჩერებას გულისხმობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 38 მლნ ლარის გადახდა ვერ შეძლო.

28 სექტემბერს ცნობლი გახდა, რომ თუ “ომეგა ჯგუფი” სახელმწიფოს მიმართ არსებულ დავალიანებას არ გადაიხდის, მისი ქონება აუქციონზე გაიყიდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს კომპანიის ქონების გაყიდვის უფლება აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის დავალიანება თითქმის 50 მლნ ლარს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი