ახალი ამბებისამართალი

ბერიანიძე: საფრთხის გამო ოფისში ვერ შევდივართ და ბენეფიციარებიც ვერ სარგებლობენ სერვისებით

2 ოქტომბერი, 2018 • 2658
ბერიანიძე: საფრთხის გამო ოფისში ვერ შევდივართ და ბენეფიციარებიც ვერ სარგებლობენ სერვისებით

თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის თქმით, შესაძლო ძალადობის საფრთხის გამო,ოფისი ამ დრომდე დაკეტილი აქვთ, რის გამოც ორგანიზაციის მუშაობა პარალიზებულია და ბენეფიციარები მათი სერვისებით ვერ სარგებლობენ.

როგორც ლევან ბერიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, თანასწორობის მოძრაობის რამდენიმე თანამშრომელი გუშინ მივიდა ოფისში ნივთების წამოსაღებად, რომლის ეზოშიც დახვდათ იმ ადამიანის მეგობრები, რომელიც ცოტა ხნის წინ ოთხ ლგბტ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა.

“ისინი საკმაოდ აგრესიულად უყურებდნენ ჩვენს თანამშრომლებს. გარეთ ჩვენს ერთ თანამშრომელს სამი პიროვნება შეხვდა, რომლებმაც მის გასაგონად ჩაილაპარაკეს “ამ პიდარასტებს დედა ვუტიროთო”. ზოგადად, უბანში ძალიან დაძაბული ვითარებაა, ხოლო ჩვენი იქ გამოჩენა მაღალი რისკის შემცველია. უბნის მაცხოვრებლები აგრესიულად გვიყურებენ და მტრული დამოკიდებულება აქვთ. ძალიან დიდი შანსია, კიდევ ვინმე დაზიანდეს, სცემონ… შესაბამისად, ვერ მივდივართ ამ ეტაპზე ოფისში,” – ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ლევან ბერიანიძის ინფორმაციით, ის მეზობელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხა თანასწორობის მოძრაობის თანამშრომლებს, კვლავაც არ დაუკავებიათ:

“ამ ყველაფრის გამო პარალიზებული ვართ ფაქტობრივად. ვერც ბენეფიციარები იღებენ სერვისებს და ვერც ჩვენ მივდივართ სამუშაოდ.

ველოდებით გამოძიებას და ვცდილობთ, დავაჩქაროთ ეს პროცესი. პოლიციამ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები იმისთვის, რომ უბანში დამშვიდდეს მდგომარეობა. სამართალდამცველები უნდა გაესაუბრონ ამ ადამიანებს, გაიგონ, ვინ რას აპირებს, გააფრთხილონ მოსალონდელი პასუხისმგებლობის შესახებ.”

  • თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, 28 სექტემბერს მათი ორგანიზაციის ოფისის მიმდებარედ ჰომოფობიურ ნიადაგზე 4 ლგბტ აქტივისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ თანასწორობის მოძრაობის ოფისთან დაპირისპირება ორმხრივი იყო.
  • ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავენ თბილისში თანასწორობის მოძრაობის ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.  აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით 14 ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, ასევე, “თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის გაგრძელების მიზნით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი