ახალი ამბები

ფედერაციის ორგანიზებით ისრაელში ჩასული 6 ქართველი “მოყვარული მოფარიკავე” იქ დარჩა

2 ოქტომბერი, 2018 • 3769
ფედერაციის ორგანიზებით ისრაელში ჩასული 6 ქართველი “მოყვარული მოფარიკავე” იქ დარჩა

ფარიკაობის ფედერაციის მიერ ისრაელში ჩაყვანილი 6 მოფარიკავე იქ დარჩა. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ შემთხვევა 2017 წლის დეკემბერში მოხდა. მომხდარი არ გახმაურებულა.

ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი განმარტავს, რომ მომხდარის გამო ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ მიმართა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას, რის საფუძველზეც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძეს 2018 სექტემბერში თანამდებობის დატოვება მოუწია. მერაბ ბაზაძე 22 სექტემბრამდე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელი იყო.

“2017 წლის დეკემბერში ფედერაციას მოყვარულმა მოფარიკავეებმა მომართეს, მათ ისრაელში იქაურ მოფარიკავეებთან ერთობლივი შეკრების გავლა სურდათ. ჩვენმა ფედერაციამ ისრაელის მხარეს ამის შესახებ მისწერა, ისინი ამ ღოონისძიების ჩატარებას დათანხმდნენ. ფედერაციის ხელმძღვანელი და გენერალური მდივანიც გაჰყვა ამ ჯგუფს, წავიდნენ, თუმცა ის მოყვარული სპორტსმენები იქ დარჩნენ. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 20 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და ჩვენს ყოფილ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს დისკვალიფიკაცია მისცა. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ფარიკაობის სფეროში გარკვეული დროით მოღვაწეობა აეკრძალათ”, -ამბობს მერაბ ბაზაძე.

ფედერაციის ახალი პრეზიდენტი განმარტავს, რომ სანქცია მხოლოდ ამ ორ ადამიანს შეეხო და ქართველი მოფარიკავეები ჩვეულებრივ შეძლებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. მისივე თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოყვარულმა მოფარიკავეებმა ამ თხოვნით ფედერაციას მიმართეს. ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მოყვარულ მოფარიკავეთა მიმართულების განვითარებაზე ფედერაცია მუშაობს.  “ამის შემდეგ ყველა მოყვარულ მოფარიკავეს მსგავს თხოვნაზე უარს ვეტყვით”, -ამბობს მერაბ ბაზაძე.

თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “აიპრესმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი