ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთს შენიშვნას აძლევს და დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ურჩევს

2 ოქტომბერი, 2018 • 3005
რუსეთი აფხაზეთს შენიშვნას აძლევს და დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ურჩევს

სოხუმში რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატების გაფართოებული ფორმატის სხდომა გაიმართა. რუსულ მხარეს დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში რუსეთის დუმის სახელმწიფო კომიტეტის წევრი კონსტანტინე ზატულინიც წარმოადგენდა. აღნიშნული შეხვედრის აუდიოჩაწენერი ეხოკავკაზამ გაავრცელა.

სხვადასხვა საკითხთან ერთად, რუსულმა მხარემ წამოჭრა აფხაზეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ამ დრომდე არაღიარების საკითხი.

რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრმა, ყაზბეგ ტაისაევმა აფხაზ დეპუტატებს რჩევა მისცა:

“არსებობს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები, რომლებიც დღეს იმავე სიტუაციაში არიან, როგორშიც თქვენ და სამხრეთ ოსეთი იყავით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგავალდებულებთ, მაგრამ რეკომენდაციას მაინც მოგცემთ, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგათ. სამხრეთ ოსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი და თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ”.

აფხაზმა დეპუტატმა ბატალ ტაბაღუამ რუს დეპუტატებს მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში აფხაზეთი რუსეთისადმი სოლიდარულია, რუსეთს კი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები არ უღიარებია – “ჩვენ არ ვიცით, როგორია პირადად თქვენი სურვილი, ამის გაგება გვსურს”.

ამაზე კონსტანტინე ზატულინმა უპასუხა:

“ჩვენ არ გვინდა ვინმე, მათ შორის აფხაზეთი, ვაიძულოთ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიაროს, მაგრამ დაგვეთანხმეთ, რომ არსებობს გარკვეული ნიუანსი იმაში, რომ სამხრეთ ოსეთმა აღიარა, აფხაზეთმა კი- არა. ჩვეულებრივ, ასეთ საკითხებში სოლიდარული ხართ ხოლმე. გაგვიმარტივებს თუ არა საქმეს თქვენ მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება? დიახ, გაგვიმარტივებს.

ჩვენ არ ვაღიარებთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიაა, თამაში. გასაგებია. ჩვენ არ ვაღიარებთ მათ, თუმცა ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს, სამხრეთ ოსეთი კი აღიარებს დონეცკსა და ლუგანსკს. თუ უკრაინა კვლავ დაესხმება თავს დონეცსკა და ლუგანსკს, ჩვენ ვაღიარებთ დონეცკსა და ლუგანსკს. ასეთ შემთხვევაში სხვა გზა არ გვექნება”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი