ახალი ამბები

თორდია-ფარცხალაძის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია

2 ოქტომბერი, 2018 • 3826
თორდია-ფარცხალაძის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია

2017  წლის 13 მაისს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მაშინდელ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ჩხუბის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ეტაპზეა გასული წლის მაისში დაწყებული გამოძიება, გამოვლენილია თუ არა კონკრეტული პირების ბრალეულობა და დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით,  რაც ძალადობას ითვალისწინებს.

თავად ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება განზრახ ჭიანურდება.  როგორც ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მას ამ დრომდე არ აქვს სტატუსი, არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის, შესაბამისად, არ გააჩნია წვდომა საქმის მასალებზე.

ლაშა თორდია ამბობს, რომ გასული წლის მაისში დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო ორგანოები მასთან კონტაქტზე არ გამოსულან. ასევე, არ აქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება.

“ადრე თუ გვიან ეს საქმე ბოლომდე მივა, ფარცხალაძესთან სასამართლო დარბაზში შეხვედრას ველი.  მე ამ საკითხს თავს არ დავანებებ. რატომ ჰგონიათ, რომ სულ თვითონ იქნებიან ხელისუფლებაში და რატომ ვერ სწავლობენ სხვის შეცდომებზე,  გაუგებარია. მაშინ საკუთარ შეცდომებზე მოუწევთ სწავლა”, – განაცხადა თორდიამ.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და  ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობის მიუხედავად, მომხდარიდან წელიწადნახევარის შემდეგაც გამოძიება დასრულებული არ არის.

 

შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი