ახალი ამბები

მუდმივი შიში, გარიყულობა და შანტაჟი – სექსმუშაკთა პრობლემები საქართველოში

2 ოქტომბერი, 2018 • 3370
მუდმივი შიში, გარიყულობა და შანტაჟი – სექსმუშაკთა პრობლემები საქართველოში

“ერთხელ მეტროსთან მდებარე ბაზართან ვიყავი სავაჭროდ, შვილთან ერთად, გადმოვიდა დიდუბის განყოფილების ერთ-ერთი პოლიციელი, ხმამაღლა მიმითითა საათზე და დაცინვით მითხრა, შენ აქ რატომ ხარ, სამსახურში არ უნდა იყო, იქ არ უნდა იდგეო? კონკრეტული ადგილი დაასახელა. მოვკვდი და გავთავდი ადგილზე”, – გვიყვება ნანა [სახელი შეცვლილია] იმ პირობით, რომ ჩვენ მის ანონიმურობას დავიცავთ.

შანტაჟი, შიში, სიდუხჭირე და გარიყულობა – როგორც ნანა ყვება, სექსმუშაკებისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს. სანაცვლოდ კი, როგორც თავად ამბობენ, მათ არავინ იცავს.

ნანასთან ერთად, პოლიციის მხრიდან გულგრილობასა და ძალადობაზე მარიამიც [სახელი შეცვლილია] ლაპარაკობს.

“ერთხელ გაჩერებაზე ვიდექი. იმ ტერიტორიაზე სამუშაოდ არ მივსულვარ, თან მახლდა შვილი, პოლიციამ მომკიდა ხელი, დამადო ბორკილები და წამიყვანა განყოფილებაში. რომ ვეკითხებოდი, რატომ მიგყავარ-მეთქი, 500-ლარიანი ჯარიმა დამიწერა. რატომ-მეთქი და მპასუხობდა, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამოო. მე არც გავრბოდი და არც ვჩხუბობდი. არ მაქვს გაჩერებაზე დადგომის უფლება?” – კითხულობს მარიამი.

როგორც ქალები ნეტგაზეთს უყვებიან, ისინი ყოველდღე ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი. ხშირად კი ზეწოლა თავად პოლიციელებისგან მოდის.

“ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი,  იმისთვის, რომ სექსმუშაკები არ დაგვაწიოკონ, ხშირად მოითხოვენ, მათ ვუყიდოთ სიგარეტი, საჭმელი და უფრო ხშირად, უფასოდ მოვემსახუროთ”, – იხსენებენ სექსმუშაკი ქალები.

“ყოველთვის ძალადობენ. მე პირადად ფოტოები გადამიღეს ჩუმად და სოციალურ ქსელში გამივრცელეს, პოლიციელმა თვითონ მაჩვენა ეს ფოტოები. ვთხოვე, დავეჩოქე, 5 შვილის დედა ვარ, ჩემი ერთ-ერთი შვილი პოლიციაში მუშაობს, ნუ გამიწირავ, ოჯახსა  და ცხოვრებას ნუ დამინგრევ, თორემ ბენზინს გადავისხამ და აქვე დავიწვავ თავს-მეთქი. ეგ რა, უფრო უარესი მოგელისო, მიპასუხა. იმ ფოტოებს 240 კაცის გამოხმაურება აქვს, ისეთი სიტყვები, ისეთი შეურაცხყოფებია… მერე იტყვიან, თავი რატომ მოიკლაო”, – დასძენს ნანა.

ქალების სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ ვერც საკუთარ სახლში გრძნობენ და მუდმივად ეშინიათ, რომ მათ შვილებსა და ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ.

ჩვენ ისედაც ღირსებას გვილახავენ. ძალიან ხშირად, წყალს გვასხამენ, გვაფურთხებენ, გვაგინებენ. იყო დრო, როდესაც “დუბინკებით” გვცემდნენ და სახლში გვაკითხავდნენ. რამდენჯერმე შევიცვალე ბინა ამის გამო. ისინი მოდიოდნენ ჩემთან სახლში და უფასო მომსახურებას მოითხოვდნენ.

არცერთი პრეცედენტი ყოფილა, პოლიციას დავეცავით, პატრული უფრო გვიდგას ზოგჯერ გვერდში. პოლიციის განყოფილებიდან კი სულ გვერჩიან, გინდა ფორმით, გინდა უფორმოდ.

შეიძლება, კილომეტრნახევრიდან დაგიძახოს “შე გათახსირებულო, შე საქონელო” და ა.შ. მე უკვე იმდენად მრცხვენია, სადაც მე ვდგავარ, სავაჭრო ადგილია, ბაზარია. ელემენტარულად, გარეთ მრცხვენია გამოსვლა”, – ამბობენ ქალები.

საქართველოში არსებული მდგომარეობა

საქართველოში სექსმუშაკთა უფლებრივ მდგომარეობაზე საიამ მოამზადა კვლევა ” გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები”. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს 5 ქალაქში გამართული ფოკუს-ჯგუფის მონაწილე სექსმუშაკები რეგულარულ საუბრობენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ეკონომიკურ ძალადობაზე, შანტაჟსა და ადევნების სხვადასხვა ფორმებზე.

დოკუმენტში წერია, რომ ძალადობის ამ ფორმებისგან დასაცავად სამართლებრივი საშუალებები მათთვის ხელმიუწვდომელი ან არაეფექტიანია, ხოლო კლიენტები მოქმედებენ იმ განწყობით, რომ თავიანთი ქმედებების გამო მათ პასუხს არ აგებინებენ.

დოკუმენტის მიხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცავი ორგანოები დისკრიმინაციულად მოქმედებებენ და სექსმუშაკთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს არ აღიქვამენ ისეთი სიმძიმის დანაშაულად, რომლებიც ჩადენილია არასექსმუშაკი ქალების მიმართ.

ამის გათვალისწინებით, სექსმუშაკთა ნაწილი ცდილობს, თავად იპოვოს გამოსავალი და თავის დასაცავად ხშირად ცრემლსადენით, შპრიცითა და “დუბინკით” მოძრაობს.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას პოლიციას დღეს არსებული რეპრესიული კანონმდებლობა უქმნის, რომელიც მიმართულია არა პროსტიტუციაში მყოფ ქალთა ძალადობისგან დაცვისკენ, არამედ რეპრესიულია მათ მიმართ. პროსტიტუციას განიხილავს მორალურ კონექსტში და მიმართულია სექსმუშაკი ქალების დასჯაზე”, – ამბობს კვლევის ავტორი თამარ დეკანოსიძე.

მისივე თქმით, დღესდღეობით, პროსტიტუცია საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ამ კუთხით კანონმდებლობა არის დისკრიმინაციული ქალთა მიმართ, ვინადაინ სამართალდამრღვევი არის არა კლიენტი, არამედ სექსმუშაკი.

“ვინაიდან სექსმუშაკთა უმრავლესობა ისტორიულად იყო და ახლაც არიან ქალები, ეს კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ქალთა მიმარ და მათ აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში კაცებთნ შედარებით.  ძალიან მნიშვნელოვანია პროსტიტუციის დანახვა ქალთა უფლებებისა და ადამიანის უფლებათა კონტექსტში. დღესდღეობით კანონმდებლობა პროსტიტუციას მორალური კუთხით განიხილავს და მიმართულია სექსმუშაკთა დასჯაზე”, – განმარტავს დეკანოსიძე. 

სასკ-ის 172 მუხლის თანახმად, პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას და დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრის მინიმალურ ოდენობამდე, რაც საია-ს ანგარიშის მიხედვით, 20 ლარია. თუმცა კოდექსი არ მოიცავს პროსტიტუციის დეფინიციას. მუხლი არ განმარტავს პროსტიტუციის, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის არსს.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ეს მუხლი აძლევს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს შესაძლებლობას, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება თვითნებურად განმარტონ. თუმცა თავად პროსტიტუცია არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი, პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა სისხლის სამართლის წესით ისჯება.

ამასთანავე, სექსმუშაკები ყვებიან, რომ რაკი პროსტიტუციისთვის ფულადი ჯარიმა მცირეა, სამართალდამცავი ორგანოები ხშირად უფრო მძიმე მუხლით – პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის სჯიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროსტიტუციის მუხლზე დაყრდნობით, 2015 წელს განხილული აქვს 38, ხოლო 2016 წელს- სამი საქმე. საიას მიერ გამოთხოვილი საქმეებიდან არცერთის დადგენილებაში არ არის აღწერილი, თუ რაში გამოიხატებოდა ქმედება. ყველა დადგენილება მოიცავს მხოლოდ იმ აღნიშვნას, რომ პირი თავისი ნებით ეწეოდა პროსტიტუციას. არცერთი მათგანი არ არის გამყარებული ფაქტის დამადასატურებელი საკმარისი მტკიცებულებებით.

2017 წლის მაისში სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად, ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონმდებლობაშიც. 2017 წლის 1 ივნისიდან გაფართოვდა ძალადობისგან დაცვის მექანიზმები და სერვისები. ცვლილებების შედეგად, ეს მექანიზმები შესაძლოა გამოიყენონ არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა, არამედ გენდერული ძალადობის ნებისმიერმა მსხვერპლმა.

საიას მიხედვით, ისინი უნდა გავრცელდეს იმ პირებზეც, რომლებიც ჩართულნი არიან სექსსამუშაოში და განიცდიან ძალადობას ოჯახის წევრის, კლიენტის, ყოფილი კლიენტის ან სხვა პირის მიერ. იმის მიუხედავად, რომ გენდერული ძალადობა არაპროპორციულად ეხება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელ ქალებს, სექსმუშაკებისთვის საქართველოს კანონმდებლობა მათი ძალადობისგან დაცვის სპეციალურ მექანიზმებს არ ითვალისწინებს.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული კვლევა ემყარება სისგენდერი [ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამის გენდერულ როლს] სექსმუშაკი ქალების ფოკუს-ჯგუფებს. თავად კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ტრანსგენდერი ქალების უფლებრივი მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა და ცალკე, სპეფიციკურ საკვლევ მასალას წარმოადგენს.

საეთაშორისო პრაქტიკა

საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, არსებობს სექსსამუშაოს კრიმინალიზების, პენალიზებისა და ლეგალიზების/რეგულირების მოდელები. საქართველოს კანონმდებლობა სექსსამუშაოს პენალიზების მოდელს მოიცავს. ეს უკანასკნელი გულისხმობს ისეთი პრაქტიკის არსებობას, რომელთაც აქვს კრიმინალიზების მსგავსი ეფექტი – მიზნად ისახავს სექსმუშაკთა კონტროლს, მათ დასჯასა და ავტონომიის ხელყოფას სექსსამუშაოში ჩართულობის გამო.

საიას კვლევის მიხედვით, საერთაშორისოდ დადგენილია, რომ პენალიზების ზომები მოიცავს ჯარიმებს, “რეაბილიტაციის” მიზნით დაკავებას, დეპორტაციას, ბავშვზე მეურვეობის ჩამორთმევასა და სოციალური დახმარების მოხსნას.

საია Amnesty International-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ სექსსამუშაოს კრიმინალიზაცია და პენალიზაცია მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სექსმუშაკთა უფლებების დაცვაზე. როდესაც სექსსამუშაო დასჯადია, ისეთ უფლებების დაცვას ექმნება საფრთხე, როგორიცაა: სიცოცხლის, თავისუფლების, ავტონომიისა და პირადი უსაფრთოების; თანასწორობის და დისკრიმინაციისგან დაცვის; წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის.

სექსსამუშაოს კრიმინალიზება არღვევას სექსმუშაკთა უფლებას, მიიღონ ჯანმრთელობის დაცვის, განსაკუთრებით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის, ასევე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისები.

გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მიიღონ ზომები ტრეფიკინგისა და ქალთა პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, კონვენცია მოითხოვს პროსტიტუციის იმგვარ ფორმებთან ბრძოლას, რომელიც ექსპლუატაციის მიზნით გამოიყენება.

CEDAW ტერმინს “სექსმუშაკი” არ იყენებს და სანაცვლოდ მათ მოიხსენიებს როგორც “პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს” და პროსტიტუციას განიხილავს ქალთა მიმართ ძალადობასა და ტრეფიკინგთან კავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი