ახალი ამბები

რა სტატუსით შეხვდა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილსა და ბიზნესომბუდსმენ გახარიას

2 ოქტომბერი, 2018 • 2472
რა სტატუსით შეხვდა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილსა და ბიზნესომბუდსმენ გახარიას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაზა ოქუაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ნამდვილად შეხვდნენ, თუმცა უარყო “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელის მონათხრობი ზეწოლისა და ქრთამის შესახებ. ის, რომ ზემოხსენებული შეხვედრა ნამდვილად შედგა, ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა.

გახარიას მტკიცებით, ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრის (რომელსაც თავად ბიზნესომბუდსმენის რანგში ესწრებოდა) მიზანი ბიზნესისა და “იმ გაუბედურებული კომპანიის” [ომეგა ჯგუფი] ხელშეწყობა იყო, რომელმაც “ქართული ოცნების” პირობებში ამოისუნთქა.

თუმცა უცნობია, ბიზნესომბუდსმენი, რომელიც კანონის თანახმად, “ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას”, რატომ განიხილავდა ერთი, მისივე სიტყვებით, გაუბედურებული ბიზნესის პრობლემას მოქალაქე ბიძინა ივანიშვილთან. 2015-16 წლებში, რა პერიოდშიც, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ექსპრემიერთან კომუნიკაცია ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილს არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ თუ ოქუაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით 2013 წლის ნოემბრის შემდეგ შედგა (როდესაც ივანიშვილი პრემიერი აღარ იყო), მაშინ ეს “ცალსახად მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე”.

“თუ [ოქუაშვილის] კომპანიას ჰქონდა პრობლემები და ხელისუფლების დახმარება სჭირდებოდა, ივანიშვილი რა შუაში იყო?! ხოლო თუ ეს იყო ორი ბიზნესის ურთიერთობება, ბიზნესომბუდსმენი რა შუაშია?!” – ამბობს ურუშაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ კონკრეტულ ბიზნესკომპანიასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, მათ შორის,  დავალიანებასთან თუ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამას უნდა წყვეტდეს არა ერთი რომელიმე ბიზნესმენი ან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არამედ კანონმდებლობა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები.

“რთული სათქმელია, იმ კონკრეტულ შეხვედრაზე რა სამართლებრივი სტატუსი შეიძლებოდა ჰქონოდა ყოფილ პრემიერს და რა როლს თამაშობდა ის მთელ ამ პროცესში. ეს ფაქტიც, რაზეც გუშინ თავად შს მინისტრი საუბრობდა, მიუთითითებს, რომ დიდი ალბათობით, ამ ტიპის და  მნიშვნელობის საკითხები სწორედ მსგავს შეხვედრებზე წყდება. ამიტომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია კითხვა, ყოფილი პრემიერი, რომელსაც იმ დროს რაიმე გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია არ ეკავა, რა სტატუსით მონაწილეობდა  ამ პროცესში. თავისთავად, ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია, შეხვდეს სხვა  ბიზნესმენს, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენთან ისაუბროს,  მაგრამ ამ შეხვედრამ რა როლი შეასრულა “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ მთელ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია  და ამ კითხვებზე პასუხი გაუცემელია”, – განაცხადა სალაძემ.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: ბიძინა ივანიშვილს რა სტატუსი ჰქონდა იმ შეხვედრაზე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში გაიმართა ოქუაშვილთან. ნეტგაზეთმა “ქართული ოცნების” პრესსამსახურს დღესაც მიმართა ამ საკითხზე და სურვილის შემთხვევაში მმართველი გუნდის პასუხს ამ კითხვაზე გამოვავქყნებთ. ნეტგაზეთმა შსს-საც სთხოვა დაზუსტება, რომელ წელს შედგა ზემოხსენებული შეხვედრა გახარიას ინფორმაციით.

გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იკავებდა. 2015 წლის 5 ივნისამდე ინსტიტუტს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი ერქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი