ახალი ამბები

რატომ დაუგროვდა “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – კომპანიის განმარტება

2 ოქტომბერი, 2018 • 2278
რატომ დაუგროვდა “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – კომპანიის განმარტება

“ომეგა ჯგუფში”  შემავალი კომპანია ოჯთ-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზით, რაც ბაზარზე კონკურენციის პირობების დარღვევასა და კომპანიის არაერთხელ გაჩერებას გულისხმობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადასახადების გადახდა ვერ შეძლო.

“კომპანიის არაერთგზის გაჩერებისა და ხელისუფლების მიერ კონკურენციის არასამართლიანი და მახინჯი ფორმის პირდაპირი წახალისების შედეგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ 38 მლნ ლარის გადახდა ვერ შეძლო”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, 2015 წელს “ომეგა ჯგუფში” შემავალმა კომპანიამ ბიუჯეტში 35 მლნ ლარზე მეტი შეიტანა, ხოლო დაახლოებით მლნ ლარის გადახდა ვერ შეძლო. ოჯთ-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამის საპასუხოდ შემოსავლების სამსახურმა კომპანიას საურავი დააკისრა, რომლის ოდენობამაც 2016 წელს 2 მლნ ლარს გადააჭარბა.

“2017 წლის აპრილში შპს ოჯთ-იმ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით ფინანსთა სამინისტროს მიმართა. საურავის ოდენობა, რომლის რესტრუქტურიზაციასაც კომპანია მოითხოვდა, 3 მლნ ლარს აჭარბებდა. ჩვენს კომპანიას არც ერთხელ არ უთხოვია მის მიმართ არსებული საურავის ჩამოწერა. უგუნურობაა ფინანსთა სამინისტროს განცხადება, თითქოს 2014-2018 წლებში “ოჯითი” ბიუჯეტში გადასახადს არ იხდიდა. ამ პერიოდში კომპანიამ ბიუჯეტში 100 190 258 ლარი გადაიხადა. ანუ კომპანიას ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ 25 მლნ ლარი შეჰქონდა,” – აცხადებენ ოჯთ-ში.

საურავად დაკისრებულ 14 მლნ ლარს კომპანია უკავშირებს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, მათი თქმით, ოჯთ-ის მიმართ არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციას არ ახორციელებს.

ვადაგადაცილებული გადასახადების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა, რაც გადასახადების გრაფიკის თხოვნას გულისხმობს, კანონი ითვალისწინებს. ვადაგადაცილებული თანხის რესტრუქტურიზაციის საკითხს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემადგენლობასაც მთავრობა ამტკიცებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ოჯთ-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიზანი “ომეგა ჯგუფის” დისკრედიტაციაა.

28 სექტემბერს ცნობლი გახდა, რომ თუ “ომეგა ჯგუფი” სახელმწიფოს მიმართ არსებულ დავალიანებას არ გადაიხდის, მისი ქონება აუქციონზე გაიყიდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს კომპანიის ქონების გაყიდვის უფლება აქვს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ დავალიანება პირველად 2014 წელს წარმოეშვა. უწყების ცნობით, 2015 წელს დავალიანებამ თითქმით 1.5 მლნ ლარს მიაღწია. 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დავალიანება თითქმის 50 მლნ ლარს აღწევს. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ თანხის დასაფარად კომპანიას 2016 წელს გრაფიკი გაუფორმდა, ამ გრაფიკს კი ოჯთ რამდენიმე თვის განმავლობაში არღვევდა.


ომეგა ჯგუფის მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა 30 სექტემბერს რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს 4 მლნ ლარი მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი