“ვინც ამბობთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთია, რამსები ხომ არ აგერიათ”? — სააკაშვილი

“ამ დღეებში გავიგე ბევჯერ, რომ — “უჰ, სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთი და იგივეა”. მე მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ვინც ამას ამბობს: თქვენ სკლეროზი ხომ არა გაქვთ და რაღაც რამსები ხო არ აგერიათ?!”

ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” წარმოთქვა “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

“რანაირადა ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე. მინდა კარგად მომისმინოთ და იდიოტიზმს და სისულელეებს თავი დაანებეთ”,- დასძინა მან.

ეს ფრაზები სააკაშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც “ქართული ოცნების” მმართველობა შეაჯამა: “რა მივიღეთ 6 წლისთავზე საქართველოში”? — იკითხა მან და ჩამოთვალა, რომ “ჰესების უმრავლესობა ივანიშვილს ეკუთვნის”, “დენის ფასის გაზრდას აპირებს”, “მარიხუანის პლანტაციების გაშენებაზე” ფიქრობს და “საქართველოს რკინიგზა, რომელიც მილიარდ დოლარიანი საწარმო იყო, აქცია წამგებიან საწარმოდ”.

“ყველაფრის ღირსია ის ხალხი, ვინც ამბობს, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ”,- თქვა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში პოლონეთიდან ჩაერთო პირდაპირ ეთერში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.