ადვოკატი: ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვანო ჩხარტიშვილზე ჩანაწერები “მონტაჟია”

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის, განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთი საექსპერტო ბიუროსგან მიღებული დასკვნა ამბობს, რომ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ზე გავრცელებული ჩანაწერები, რომლებიც ტელევიზიების ცნობით, ვანო ჩხარტიშვილს ეხება, “მონტაჟია”.

ხატიაშვილმა 1 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო დაწესებულებას” მიმართა, თუმცა ბიუროს სახელი არ დაუსახელებია. მისი თქმით, ბიუროსგან მიიღო დასკვნა, რომელიც ჩანაწერებს მანიპულირებულად, გადაკეთებულად და დამონტაჟებულად მიიჩნევს.

“დღეს მივიღე მართლაც შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა”, განაცხადა ხატიაშვილმა და თქვა, რომ დასკვნაშია წერია:

“ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“.

ხატიაშვილმა დასძინა, რომ კიდევ ოთხ გავლენიან ექსპერტიზის ბიუროში აქვს გაგზავნილი ჩანაწერები დეტალური ექსპერტიზისათვის. ადვოკატმა რუსთავი 2-სა და იბერიას ურჩია, ჩხარტიშვილს ბოდიშის მოუხადონ.

მოგვიანებით TV პირველის წამყვანმა, ვახო სანაიამ გადაცემაში ხატიაშვილს უთხრა, რომ მონტაჟი ჟურნალისტიკისათვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ფალსიფიცირებას არ ნიშნავს. მის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მონტაჟით ფარცხალაძის საუბრის არსი, ხატიაშვილმა პასუხს თავი აარიდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “ყველა ეს ჩანაწერი არის მანიპულირებული”.

“ერთ-ერთი ჩანაწერი არის 2 წუთი და 6 წამი”, თქვა ხატიაშვილმა და დასძინა, რომ “ამ მონაკვეთში არის 6 მონტაჟი და 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული”.

“თუ ნამდვილი ჩანაწერია, მონტაჟში რატომ მიიტანა [ოქუაშვილმა]”? იკითხა ადვოკატმა.

“ნეტგაზეთი” მთელი საღამოა ცდილობს, დაუკავშირდეს ხატიაშვილს, რათა ჰკითხოს ექსპერტიზის ბიუროს სახელი, საიდანაც, მისივე თქმით, მომსახურება მიიღო და სთხოვოს გაზიარება იმ დოკუმენტისა, რაც მისგან მიიღო. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


აუდიოჩანაწერი, რაზეც ხატიაშვილი მიუთითებს, შუა სექტემბერში გავრცელდა.

რუსთავი2-ის თანახმად, ერთ-ერთი საუბარი სამ პირს შორისაა — ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ოქუაშვილს ესაუბრება “თბილისის თამბაქოს“ აქციონერ ირაკლი ჩუბინაშვილთან ერთად. ტელევიზიის თანახმადვე, საუბრის თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და “ომეგა ჯგუფის” წილების გაყოფაა. ჩანაწერში ფიგურირებს ივანიშვილის სახელიც. “საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდება. სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. შემოსული თანხის 50% უნდა ჩაირიცხოს ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა“, 25%-25% უნდა განაწილდეს „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის”, წერს რუსთავი2.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.