კობახიძემ ენმ-ის ხელისუფლების დრო ჰოლოკოსტს შეადარა

“მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ ჰოლოკოსტი, თორემ იზამდით”, – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 ოქტომბერს, გამართულ ბიუროს სხომაზე ოპოზიციას. ბიუროზე სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წევრებს შორის მოჰყვა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს.

“სიტუაცია არის ასეთი, ზაზა ოქოუაშვილი არის ადამიანი, რომელსაც თქვენმა ხელისუფლებამ თავის დროზე წაართვა ბიზნესი, შემდეგ- ტელევიზია. ეს არის ჰოლოკოსტი, როცა ბიზნესის წართმევა ხდება ადამიანის ღირსების შელახვით”, – დასძინა კობახიძემ.

ტერმინი “ჰოლოკოსტი” გულისხმობს მეორე მსოლფიო ომის დროს ებრაელთა გენოციდს გერმანული ნაცისტური რეჟიმის მიერ, რასაც 6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ანტისემიტურ მმართველობას, რომლის სათავეშიც ადოლფ ჰიტლერი იდგა, სჯეროდა, რომ ებრაელები გერმანული რასის “სიწმინდისთვის” საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ინტერვიუ, რომელსაც ბიუროს სხდომაზე ახსენებენ, გუშინ, 30 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა. “ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან