ახალი ამბებირეკლამა

დოღი და ისინდი სამეგრელოში – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინიციატივა

1 ოქტომბერი, 2018 • 6633
დოღი და ისინდი სამეგრელოში – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინიციატივა

29 სექტემბერს ზუგდიდსა და ანაკლიას შორის მდებარე სოფელ ინგირში დიდი საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ორგანიზებით.

ენგურის ხიდთან, წლების წინ, ქართველი და აფხაზი ცხენოსნების მონაწილეობით, ყოველწლიურად ტარდებოდა დოღი. ეს ტრადიცია დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, წელს კი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გადაწყვიტა კავკასიური საცხენოსნო ტრადიცია აღადგინოს და ყოველწლიურად დოღი გამართოს სამეგრელოში, რადგან ეს მხარე  ცხენოსნობის დიდი ტრადიციით ცნობილია.

29 სექტემბერს დოღის გარდა ქართველ ცხენოსანთა გუნდები უძველესი ქართული სპორტის სახეობებში, ისინდში და ცხენბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ისინდი საქართველოს არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში შეტანილი ძველი საცხენოსნო თამაშია. ის, საუკუნეების წინ, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული და ქართველი მეომრებისთვის საბრძოლო სპორტის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა – ომებისთვის ფიზიკური მომზადების სავალდებულო თამაშს.

ჯირითისას ერთმანეთს ორი გუნდი ერკინება, გუნდები თანაბარი რაოდენობის წევრებისგან უნდა შედგებოდეს, მსაჯის ნიშანზე გუნდები ერთმანეთს სპეციალურ შუბს, ისინდს ესვრიან. თამაშის მიზანი მოწინააღმდეგის ან მისი ცხენისთვის ისინდის ტყორცნაა – რაც შეიძლება, მეტჯერ.

29 სექტემბერს ისინდში ერთმანეთს სამეგრელოს ნაკრები და სამტრედიის საცხენოსნო კლუბი ეჯიბრებოდნენ. შერკინებაში სამეგრელოს გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით: 9 – 7.

შეჯიბრზე ოთხი დოღი გაიმართა. პირველი გარბენისას სპორტსმენები შერეულსისხლიანი – ქართული ჯიშის ცხენებით ასპარეზობდნენ, მეორე დოღზე – მაღალსისხლიანი ცხენებით, მესამე შეჯიბრი კი წმინდა ინგლისური ჯიშის ცხენებს დაეთმო. მეოთხე შეჯიბრი 4-კილომეტრიან დისტანციაზე გამართული მარულა იყო.

„ლიმონა“, „ბლექი“, „მანგო“, „ლურჯა“ – ეს იმ ცხენების სახელების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც დოღში მიიღეს მონაწილეობა. მათგან „მანგო“ შეჯიბრის დღეს საუკეთესო აღმოჩნდა და სუფთა სისხლის ინგლისურმა, სამი წლის ცხენმა მხედარ თორნიკე თოდრიას ოთხკილომეტრიან დოღში „ანაკლიის თასი 2018“ მოაპოვებინა. თორნიკე 22 წლისაა და 13 წლიდან მხედარია, შეჯიბრზე ის ოზურგეთის საცხენოსნო კლუბს წარმოადგენდა.  

სხვადასხვა დოღში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ზუგდიდის, ახმეტის, ფოთისა და ოზურგეთის საცხენოსნო კლუბის მხედრებმა მოიპოვეს.

„ანაკლიის თასი 2018“-ის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა.  

დოღში მონაწილეობდა უხუცესი მხედარი 72 წლის პავლე კაპანაძეც, რომელსაც „ანაკლიის თასის“ საპატიო ჯილდო გადაეცა, როგორც უხუცეს მონაწილეს.  პავლე კაპანაძისთვის, ცხენოსნობა საყვარელი სპორტის გარდა, საოჯახო ტრადიციაცაა: სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბი პირველად 1967 წელს მამამისმა დააარსა, ახლა კი ამ კლუბის დირექტორი თავადაა.

„50 წელია, რაც დოღში ვიღებ მონაწილეობას. სინამდვილეში 72 წლის ვარ, ცხენზე შევჯდები და 20-ის ვხდები, ესაა ჯირითი,“ – მარტივად და გასაგებად გვიხსნის პავლე კაპანაძე ცხენოსნობის სიკეთეს. მისი წყალობით, სამტრედიის საცხენოსნო კლუბს დაარსების დღიდან, 1967 წლის შემდეგ, არსებობა არ შეუწყვეტია.

პავლე კაპანაძის შვილი, გივი კაპანაძეც დოღის ერთ-ერთი მონაწილეა. 38 წლის გივი 12 წლიდან ცხენოსანია და ცხენს, სახელად ლურჯას – აჭენებს.  მართალია, მისი ცხენი ნაცრისფერია, მაგრამ როგორც აგვიხსნა, სწორედ ასეთი შეფერილობის ცხენს ეძახიან „ლურჯას“.

შეჯიბრის დასასრულს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანაკლიის ყოველწლიური დოღის დაარსება ცხენოსნობის განვითარებისთვის გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სამომავლოდ იგეგმება არაერთი საცხენოსნო კლუბის გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საცხენოსნო შეჯიბრში აფხაზი მხედრების ჩართვა.

„ვფიქრობთ, რომ ცხენოსნობის განვითარება სწორედ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს. დოღი ანაკლიაში იქნება ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება. ამას მოჰყვება საერთაშორისო იპოდრომის მშენებლობა, სადაც დიდი, საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ყველას ვეპატიჟებით, ვისაც ცხენები უყვარს.

მას შემდეგ, რაც ირლანდიამ ცხენოსნობაში კაპიტალდაბანდება დაიწყო, ამ სფეროში დასაქმებული 50 000 ადამიანი გაჩნდა ქვეყანაში. ინვესტიცია ცხენოსნობაში, ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის ინვესტიცია და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყოველწლიური საცხენოსნო შეჯიბრის, „ანაკლიის თასის“ ინიციატორი – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის, ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი კომპანიაა, რომელიც, გარდა პორტის მშენებლობისა, რეგიონში ახორციელებს და მხარს უჭერს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროექტებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად საცხენოსნო შეჯიბრის გენერალური სპონსორი თიბისი ბანკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან ერთად.

I ადგილზე გასული ცხენი

მასალების გადაბეჭდვის წესი