ახალი ამბები

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

1 ოქტომბერი, 2018 • 2778
სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხვოს. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 1 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუზე დაუყონებლივ უნდა აღიძრას სისხლისსამართლებრივი საქმე და ჩანაწერის ყველა ფიგურანტი დაიკითხოს. ამ მოთხოვნასთან ერთად გრიგოლ ვაშაძე განმარტავს :

“ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები, სიტყვის თავისუფლება და ბიზნესი იდევნება, ვერავითარ სამართლიან გამოძიებას ჩვენ ვერ მივაღწევთ, ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარალემნო არჩევნებს”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

გარდა ამ მოთხოვნისა, “ძალა ერთობაშია” ასევე ითხოვს პარლამენტიდან გაიწვიონ კანონპროექტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ.

ინტერვიუ, რომელსაც გრიგოლ ვაშაძე ახსენებს, გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა. “ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი