ახალი ამბები

ივანიშვილის რჩევა თანაგუნდელებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიას ოქუაშვილის ინტერვიუზე

1 ოქტომბერი, 2018 • 3304
ივანიშვილის რჩევა თანაგუნდელებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიას ოქუაშვილის ინტერვიუზე

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” დღეს გამართულ შეხვედრაზე ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ “ომეგას” დამფუძნებელთან შეხვედრა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ოქუაშვილის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელს 4 მილიონი მოსთხოვა, ღიმილის  მომგვრელი უწოდა.

“მედიაზე და ბიზნესზე ზეწოლა საერთოდ ღიმილს იწვევს. ალბათ, გუშინდელი ჩანაწერიც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი ერთხელ და მას დავეხმარეთ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიეირ ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან პრემიერმადე, ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილამდე, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ღიმილის მომგვრელია”, – თქვა ივანიშვილმა და თანაგუნდელებს რჩევაც მისცა, თუ რა უნდა ეთქვათ მათ მედიასთან, როდესაც ოქუაშვილზე დაუსვამდნენ შეკითხვას.

“ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი [ივანიშვილთან შეხვედრის] არ აქვს და თუ ვინმე შეგეკითხებათ თქვენ და წუხანდელ გადაცემაზე გკითხავენ, უნდა უპასუხოთ, რომ სადაა ეს ჩანაწერი? ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერი და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ”, – თქვა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი