ახალი ამბები

აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

1 ოქტომბერი, 2018 • 1519
აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მექსიკასთან ერთად, მიაღწიეს ახალ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ ჩრდილოეთი ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (NAFTA).

აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება (USMCA) აშშ-ისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის კანადის რძის პროდუქტების ბაზარს და კანადური მანქანების დამატებითი ექსპორტის საშუალებას აძლევს.

34-თავიან შეთანხმებას მხარეებმა 6-კვირიანი საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი ხანია უნდოდა NAFTA-ს ჩანაცვლება. NAFTA-ს- აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას- ხელი 1992 წელს მოეწერა და ორი წლის შემდეგ შევიდა ძალაში. CNN-ის თანახმად, კანადასა და მექსიკასთან — აშშ-ის ორ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან — მიღწეული შეთანხმებით ტრამპმა შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პირობა, NAFTA-თი გათვალისწინებული სავაჭრო პირობები შეეცვალა.

როგორც BBC წერს, მოლაპარაკებებს აქამდე  ისეთი პირი უჩანდა, რომ კანადა საბოლოო შეთანხმებას გამოეთიშებოდა.

შეთანხმება “შესთავაზებს ჩვენს მუშებს, ფერმერებს, რანჩოების მფლობელებსა და ბიზნესებს მაღალი სტანდარტების სავაჭრო პირობებს, რომელიც უფრო თავისუფალ ბაზარს, უფრო თავისუფალ ვაჭრობას და ჩვენს რეგიონში ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს”,- წერია აშშ-ისა და კანადის საერთო განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, შეთანხმება “გააძლიერებს საშუალო კლასს, შექმნის კარგად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანისათვის, ვინც ჩრდილოეთ ამერიკას მოიაზრებს სახლად”.

წელს აშშ რამდენიმე “სავაჭრო ომშია” ჩართული, მათ შორის ჩინეთთან. ცოტა ხნის წინ ქვეყანამ დააწესა ტარიფები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მექსიკიდან და კანადიდან.

ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ახალი შეთანხმება კონგრესს გაუგზავნოს, 60-დღიანი პერიოდის შემდეგ კი მას ტრამპი ხელს მოაწერს. კონგრესს ამ პერიოდში ცვლილებების შეთავაზება შეუძლია.

Al Jazeera-ს თანახმად, შეთანხმება მომგებიანია სამივე ქვეყნისათვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი