ახალი ამბები

პროკურატურა და შსს არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა ყიფიანის “სარდაფის ეპიზოდზე” გამოძიება

1 ოქტომბერი, 2018 • 1390
პროკურატურა და შსს არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა ყიფიანის “სარდაფის ეპიზოდზე” გამოძიება

მთავარ პროკურატურასა და შსს-ში ამ დრომდე არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

ომეგა ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს რუსთავი 2-ს მისცა, აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრზე ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ყველა მასალა, რაც საჯარო გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებით, დაერთვება თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი