ახალი ამბები

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოშია

1 ოქტომბერი, 2018 • 2704
ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოშია

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია.

დღეს, 1 ოქტომბერს, საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.

საავიაციო ბაზაზე გამოიფინა ფრანგული კომპანიისგან, Thales LAS SAS და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები. უწყების ცნობით, საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე, მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე გამოფენილი იყო ასევე ვერტმფრენები, რომლის პარკის განახლება და მოდერნიზაცია აშშ-ის მხარის დახმარებით მიმდინარეობს. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

ღონისძიება დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მფრინავების მემორიალის გვირგვინით შემკობით. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილი შემდეგ, პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა.

„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებას ნატოს სტანდრატებთან. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრმა კი ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის მიმართულების განვითარებას შემდეგ ეტაპზე:

„გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ შემდეგ წლებში გადავიდეთ მეორე ეტაპზე და მაქსიმალურად აღვჭურვოთ საქართველო საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით, რათა ჩვენი სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს. ავიაციასთან დაკავშირებით წელს ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, პარალელურად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს ფინანსები ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების რემონტისა და მოდერნიზებისთვის, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად შესაძლებელი გახდეს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება“, – თქვა ლევან იზორიამ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი