ახალი ამბები

ზურაბიშვილი “ოცნების” ყველაზე დიდ შეცდომად საზოგადოებასთან დიალოგის ნაკლებობას მიიჩნევს

1 ოქტომბერი, 2018 • 1676
ზურაბიშვილი “ოცნების” ყველაზე დიდ შეცდომად საზოგადოებასთან დიალოგის ნაკლებობას მიიჩნევს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარ შეცდომად საზოგადოებასთან დიალოგის ნაკლებობას ასახელებს.

ზურაბიშვილის თქმით, მისი, როგორც პრეზიდენტის, ფუნქცია ამ დიალოგის აღდგენა იქნება.

“ყველაზე დიდი ხარვეზი, მიმაჩნია, ის არის, რომ დიალოგი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არ იყო იმ დონეზე… ბევრი რამ, რაც გაკეთდა, არ იყო მიტანილი საზოგადოებასთან. ბევრი პრობლემა, რაც საზოგადოებას აქვს, არ იქნა მოტანილი ხელისუფლებასთან. ამ დიალოგის აღდგენა იქნება ერთ-ერთი ის ფუნქცია, რაც პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მედიატორი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს “ქართული ოცნების” ოფისში.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, აქვს თუ არა კითხვები პრეზიდენტობის კანდიდატს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით და ესაუბრა თუ არა ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს.

“მე არ მქონია დღეს ამ ტიპის საუბარი. მიჩნდება კითხვები, როცა მე დღეს ვადარებ იმას, რაც ხდებოდა წინა პერიოდის დროს, როცა იყო ნამდვილი რეკეტი ბიზნესზე და როცა თქვენ ღიმილი არ გიჩნდებოდათ და არც კითხვები. მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვარ და ვიქნები მედიის დამცველი, ისევე,  როგორც ბიზნესის დამცველი. აღარასდროს განმეორდება ის, რაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს ხდებოდა, როცა ბიზნესი ყველანაირად დარეკეტებული ოყო. ეს დამთავრდა და აღარასდროს დაბრუნდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი