ახალი ამბები

ანეკდოტების სიაში შევა, – ბახტაძე ოქუაშვილის განცხადებაზე

1 ოქტომბერი, 2018 • 2295
ანეკდოტების სიაში შევა, – ბახტაძე ოქუაშვილის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს განცხადება ანეკდოტების სიაში შევა.

“ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი – აღნიშნული განცხადება შევა კიდევ ერთი ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ: ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტია;  კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში და ა.შ. ასეთი ტიპის განცხადებაა ესეც.  ღიმილის მომგვრელია ჩემთვის.  მე რომ წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, ღიმილის მომგვრელი იყო”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, პროკურატურა იძიებს ჩანაწერებს და თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს დამატებითი ინფორმაცია აქვს, შეუძლია გამოძიებას მიაწოდოს.

“როდესაც ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, თუ ოქუაშვილს რამე ფაქტები აქვს, ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, რა თქმა უნდა, ჩდება ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც, როგორც ჩანს, არ სურს ოქუაშვილის: ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადები არ გადაიხადო. უფრო დიდი უპასუხისმგებლობა გახლავთ, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის გამო, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძის თქმით, როცა ფინანსთა მინისტრი იყო,  “ომეგა ჯგუფს” უკვე დიდი დავალიანება ჰქონდა, თუმცა შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის ნაბიჯები, რაც ასეთ დროს დგება ხოლმე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი