ახალი ამბები

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

1 ოქტომბერი, 2018 • 7459
ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

“ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ ინტერვიუში, რომელიც  30 სექტემბერს “რუსთავი 2”-ს მისცა, აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა. ბიზნესმენი ინტერვიუში ასევე დეტალურად ყვება 4 მილიონის წართმევის ისტორიას.

რას  ყვება ბიზნესმენი 4 მილიონზე და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებზე

ზაზა  ოქუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პირველად სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მეშვეობით შეხვდა.

  • ისტორია იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით – რათა ფირმას ჰქონოდა ნორმალური კონსულტაციები  თანამდებობის პირისგან, მინისტრისგან. განსაკუთრებით ცდილობდა კონსულტაციას ტელევიზიის ირგვლივ. როგორც შემდგომ მივხვდი, ამაზე იყო გამოგზავნილი. ოფიციალურად დავიქირავეთ ის. ვუხდიდით საკმაოდ, როგორც გამოცდილს;
  •  დაახლოებით  2015 წლის დეკემბერი, ან 2016 წლის დასაწყისი იყო, როცა მან მთხოვა ბიძინასთან [ივანიშვილთან] შეხვედრა  [ყიფიანი სპორტის მინისტრის თანამდებობას 2015 წლის მაისამდე იკავებდა];  ყიფიანმა მითხრა, რომ ბიძინას სურდა ჩემთან შეხვედრა;
  • პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ კარგი -პატივისცემით, შექებით შემხვდა [ივანიშვილი].  მე ვუთხარი ადგილობრივი წარმოების პრობლემები, რაც ეხებოდა “დამპინგს”. ეს მან შემდგომში კარგად გამოიყენა;
  • [შეხვედრაზე] იჯდა [გიორგი] გახარიაც [ამჟამინდელი შს მინისტრი]. მაშინ იყო ბიზნესომბუდსმენი;
  • პირველი შეხვედრის შემდეგ, ის[ივანიშვილი] არის მობილიზებული, რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე, კონტროლი აიღოს ყველაფერზე, თუ რამე თავისუფალია. ნახა, თუ სად იყო სუსტი წერტილები ფირმისა. ის იყო “დამპინგში” და დამპინგი აკონტროლა [ფირმის საზიანოდ];
  • პირველ შეხვედრაზე იყო დაპირება[ივანიშვილისგან], რომ იმ ზარალს გაითვალისწინებდა, რაც ფირმას ჰქონდა ადრე…მე არაფერი ანაზღაურება არ მომითხოვია. მინდოდა სამართალი აღდგენილიყო. თუ აღდგებოდა სამართალი, ამას უნდა მოჰყოლოდა ანაზღაურებაც. რაც მთავარია, მე მოვითხოვე ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა დამპინგი არ ყოფილიყო;
  • ამის შემდეგ მხვდება [ოთარ] ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი. მხვდება საკუთარ სახლში, საბურთალოს ბაზართან. ინგლისში შემხვდა [ვანო] ჩხარტიშვილი და მთხოვა, რომ შევხვედროდი ვიღაცა კარგ ბიჭს, რომელიც მუშაობდა პროკურატურაში [ფარცხალაძეს]. კბილებამდე შეიარაღებული ხალხი დამხვდა. კარგ ხასიათზე, პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე. ყიფიანთან ერთად მივედი. [ფარცხალაძე] ძალიან პოზიტიურად იყო, რომ იხსნებოდა ჩემთვის ცისარტყელა ოცნებაში, ოცნების ცისარტყელა და ამით შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. [თქვეს], რომ ამ ცისარტყელის გახსნისთვის საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი, რადგან გადაწყვეტილი იყო პირველი ნაბიჯი, რომ გაეცათ ზარალი, რომელიც იყო 2004 წლიდან 2005 წლამდე. [საუბარია “ომეგა ჯგუფის ზარალზე, რომელიც ოქუაშვილის თქმით, შეადგენდა 25 მილიონ ლარს];
  • ვუთხარი, რომ მე არ მესმის ეს [ 4 მილიონის გადახდა], თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრი უარი მეთქვას. ვუთხარი, რომ თვითონ ბიძინასთან [ივანიშვილთან]  ვსაუბრობ საკითხებზე, შეიძლება, საქმის კურსში არ არის და უხერხულად არ გამოგივიდეს-თქო. [ფარცხალაძემ], აბა, მე საიდან მოვდივარო? მე შენთან მოვიდოდი თვითონო? ეს არის ბიძინაო, ეს არის უჩაო [მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი], ჩემს ზევით დგანანო. ეს არის გზა და ცისარტყელა, რომელიც წინ გელოდება, ამისთვის მხოლოდ 4 მილიონია საჭიროო.
  • მე არ დავპირებივარ. დიპლომატიურად ვუთხარი, რომ ეს უნდა გარკვეულიყო და ბიძინასგან  დამალული არ უნდა ყოფილიყო.
  • ამის შემდეგ დაიწყო ლევან ყიფიანმა ჩემი  დირექტორების დაშინება, ტელევიზიის დაშინება, რეკვა, ზარები, რომ მოვიდოდნენ შეიარაღებული ხალხი, კარები გაგვემაგრებინა, ხომ მშვიდობაა თქვენთან, ხომ კარგად ხართ, წამოვიდნენ, მოვიდნენ… შეტევას აწარმოებდა. ამ ადაშინების მიზანი იყო, რომ 4 მილიონი სასწრაფოდ მიმეტანა და გამეგო, რომ  ეს იყო შეიარაღებული კრიმინალური ძალა, რომელიც არაფერზე დაიხევდა და ეს უნდა გამეღო სასწრაფოდ. მე ვუთხარი ყიფიანს, რომ მოეწესრიგებინა ეს სისულელე.
  • ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან. მე ვუთხარი, რომ წასულიყო ივანიშვილთან იმიტომ, რომ პირდაპირი მისამართი იყო ივანიშვილი. რატომღაც, ეტყობა, ახლობლობის გამო, წავიდა კვირიკაშვილთან. კვირიკაშვილის შემდეგ დაბრუნდა ოთართან [ფარცხალაძესთან];
  • ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი არასწორი მისამართისთვის და ზედმეტი სიარულისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ, ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. სცადეს შეურაცხყოფა, სცადეს… ჩემი ხალხი თვალსყურს ადევნებდა, როცა წავიდა ლევანი, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი, იმ ღამეს, ჩვენ ყველანი განვიცდიდით და მერე იყო სწორედ უფრო მეტი დაშინება იგივე ჩვენი დირექტორებისა, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო.
  • მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება, რომ ის 4 მილიონი მიმეტანა და ისინი  იძულებულები იყვნენ, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და თვითონ მოეთხოვა პირადად ივანიშვილს, რადგან ჩვენზე ამ ფსიქოლოგიურმა შეტევამ გავლენა ვერ მოახდინა. ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ თვითონ ეთქვა ეს. თავიდან მაჩვენებდა ოთხ თითს. ვიფიქრე, რომ ალბათ გამოთქმა არ უნდოდა. შემდეგ იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ და წვალობენ.
  • შეხვედრას ესწრებოდა ივანიშვილი, [გიორგი] გახარია, ლევანი [ყიფიანი] და მე; [ოქუაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აქვს ამ შეხვედრის ჩანაწერიც].

ასევე წაიკითხეთ: რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

[red_box]4 მილიონი – თიბისი ბანკი, გახარია და შეიარაღებული პირები[/red_box]

ზაზა  ოქუაშვილი “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ მას შემდეგ, რაც 4 მილიონი არ გაიღო, მის თანამშრომლებზე ზეწოლა გაძლიერდა. ამის გამო გადაწყვიტა ერთგვარი ხრიკისთვის მიემართა, თუმცა საბოლოოდ 4 მილიონი შეიარაღებულმა პირებმა წაიღეს.

როგორც ოქუაშვილი ყვება, რომ 4 მილიონი [უცნობია, ლარი თუ დოლარი] ახლად დარეგისტრირებული კომპანიის სახელით თიბისი ბანკის ანგარიშზე ჩარიცხა იმ იმედით, რომ საბანკო რეგულაციების თანახმად, კომპანიის დირექტორები ამ ოდენობის თანხას ქეშის სახით იმავე დღეს პრაქტიკულად ვერ გაიტანდნენ, ხოლო ივანიშვილს და მის წარმომადგენლებს შეუქმნიდა ილუზიას, რომ ფულს აძლევდა. თუმცა, ოქუაშვილი ამბობს, რომ ბანკმა 4 მილიონი მაინც გასცა ქეშად გიორგი გახარიას და ფარცხალაძის ზეწოლის შედეგად:

  • 4 მილიონი უნდა დაენახათ, როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ, იმიტომ, რომ ჩემი ხალხი იყო გამუდმებით პრესის ქვეშ. ეს [ზეწოლა] რომ  არ ყოფილიყო, ჩემი დირექტორები უკვე ყურმილსაც აღარ იღებდნენ. გვაქვს ეს ამონაწერი მათი ტელეფონებიდან. ზაზა, გვიშველე, რაღაცით უნდა დავაწყნაროთ ესენი, თორემ რაღაცა მოხდებაო, მითხრეს ჩემებმა;
  • ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე [კომპანიის] ანგარიშზე , რომელიც ერთი დღის რეგისტრირებული იყო.  სახელი არ მახსოვს, რა მნიშვნელობა აქვს. გადარიცხვის ფურცლები გვაქვს. დირექტორი დავნიშნეთ სასწრაფოდ, ორი ადამიანი – ვალიკო ხაჩიშვილი და დათო ფანქველაშვილი. ფირმა გაიხსნა ოფშორით, დაისვა ანგარიშზე 24 საათში 4 მილიონი.
  • ოფშორს არ ჰქონდა წარმოდგენილი, ვინ არის ეს ოფშორი, შეიძლება ბინ ლადენია, ხო. ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში. ეს არის აბსოლუტურად  დარღვევა ყველა საბანაკო პროცედურის, როგორც ქვეყნის ნაციონალური ბანკისთვის, ასევე საერთაშორისო კანონებით.
  • ყველა პროცედურა დაარღვიეს თანამშრომლებმა. მე მათ თანავუგრძნობ. იმ დირექტორებს, რომლებიც იყვნენ ზეწოლის ქვეშ და ეს ზეწოლა იყო [გიორგი] გახარიასგან, რომ თანხა გაცემულიყო და ეს იყო ოთარისგან.  არსებობს ტელეფონის ზარები აქაც. არსებობს ყველაფრის ფაქტები; ეს მოხდა თიბისი ბანკში. მე თვითონ არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, მაგრამ დაიბარეს სასწრაფოდ დირექტორები და ზეწოლის ქვეშ იყო დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზდენტი ხაზარაძე – რეკავდა გახარია, რეკავდა ფარცხალაძე.
  • მე ვიცოდი, რომ ჩვენი გეგმა შესრულდა, რადგან ბანკმა 6 საათამდე ვერ შეძლო თანხის გაცემა და ეროვნული ბანკიდან მიღება იმიტომ, რომ ამდენი ქეშიც არა აქვს ხომ ბანკს. ვფიქრობდით, რომ 6 საათზე დაიკეტებოდა ბანკი. ჩვენი  გეგმა რა იყო – თანხა იდებოდა, ისინი თანხას ვერ გაიტანდნენ, ჩვენთან არ ექნებოდათ პრეტენზია, და მერე რაღაცას მოვიმოქმედებდი.
  • გავოცდით, როცა ბუცხრიკიძე პირადად მიდის ოპერატორთან სამუშაო საათების შემდეგ და ავალებს.  8 საათზე მაინც გამოაქვთ თანხა. მე აღარ ვიყავი საქმის კურსში, 6 საათზე ძალიან მშვიდად მოვამთავრე იმ დღის სამსახური ქართველებთან.  ჩემი დანიშნული დირექტორები იყვნენ ბედნიერები, რომ თანხას ვერ იღებენ. ზოგმა დირექტორმა იცოდა ეს ამბავი, ზოგმა არა. შეხედეს, რომ ფული ვერ გამოდიოდა , მაგრამ მერე მოდის ბანკის დირექტორი და ნახეს, რომ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ვერც მითხრეს მე, ვერც გამიბედეს. ანგარიში არ იყო გააქტურებული და თანხა მიიღეს ხელზე.
  • მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ და ეცადნენ, რომ ეს თანხა წაეღოთ ფირმაში, მაგრამ რომ გამოვიდნენ [ბანკის შენობიდან], პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით.  მითხრეს, რომ მათგან დარჩებოდა სველი წერტილი, რომ ეცადათ თანხის სადმე წაღება. ეს იყო დაყაჩაღება, ეს იყო ქურდობა. უთხრეს, რომ ჩანთას ჩადებდნენ წინა მანქანაში, სადაც კალაშნიკოვი პირდაპირ სკამზე იყო და შეიარაღებული ადამიანი ელოდებოდა და უთხრეს, რომ არ ჰქონდათ უფლება, სახეზე შეეხედათ ამ კაცისთვის. თუმცა სურათი გადაღებულია, მოახერხა სხვამ, ხელის კანკალით გადაეღო. გადაღებულია მანქანაც, ადამიანიც.
  • 4 მილიონი წაართვეს ბანკს, ჩვენი აზრით.  უფლება არ ჰქონდა ბანკს, რომ ეს თანხა გაეცა. [თუმცა ოქუაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ბანკთან დავას];

[red_box]რეაქცია[/red_box]

ოქუაშვილის ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია არც ბიძინა ივანიშვილი და არც შს მინისტრი გიორგი გახარია. იმის გამო, რომ ინტერვიუ გვიან ღამით გადაიცა, “ნეტგაზეთმა” ასევე ვერ შეძლო დაკავშირება თიბისი ბანკთან და პროკურატურასთან.

კომპანია, რომლის ანგარიშზეც სავარაუდოდ 4 მილიონი ჩაირიცხა

ოქუაშვილის ბრალდებებზე სავარაუდოდ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს და უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რაზედაც ბიზნესმენი საუბრობს.

კომპანია, რომელზეც ოქუაშვილი ამბობს, რომ რეგისტრირებიდან 24 საათში ჩაირცხა 4 მილიონი, სავარაუდოდ შპს “ოლიმპუსია”, რომელიც 2016 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და მისი 100 % წილის მფლობელი პანამის ოფშორში რეგისტრირებული კორპორაცია “უაიდპოინტ ინვესტმენტია”. სწორედ ამ კომპანიის დირექტორები არიან ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი. ეს უკანასკნელი ასევე არის ზაზა ოქუაშვილის “ომეგა მოტორ ჯგუფის” დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი