ახალი ამბები

თბილისში 25 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

30 სექტემბერი, 2018 • 3844
თბილისში 25 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში 30 სექტემბერს, გამთენიისას, 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე 1998 და 1995 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. ერთ მათგანს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებულმა პირმა გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საფაროვს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მკვლელობისას მასში ბრალდებულის თანმხლები პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

გამოძიება, ამ შემთხვვეაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


მოკლული ახალგაზრდის მეგობრისა და თანამშრომლის, აგიტ მირზოევის ინფორმაციით, მომხდარს ერთი მხრივ, ვიტალი საფაროვსა და მის მეგობარს, მეორე მხრივ კი რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს, ერთ-ერთ ბარში, 05:00-სთვის დაიწყო. მისი ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა საფაროვი მეგობართან ერტად ახლომდებარე  კუთხეში გაიყვანეს და ორივე მათგანს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.

თბილისში 25 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი